ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეების შერჩევაზე ივანიშვილის განცხადებაში მითითებული ერთთვიანი ვადა კარგია, თუმცა პროცედურები მხოლოდ ფორმალურად არ უნდა შემუშავდეს
ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეების შერჩევაზე ივანიშვილის განცხადებაში მითითებული ერთთვიანი ვადა კარგია, თუმცა პროცედურები მხოლოდ ფორმალურად არ უნდა შემუშავდეს

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში მითითებული ერთთვიანი ვადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების ჩამოყალიბებისთვის ძალიან კარგია, თუმცა პროცედურები მხოლოდ ფორმალურად არ უნდა შემუშავდეს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი შეფასებით, პროცედურები უნდა იყოს იმისთვის, რომ „მიქაუტაძეს, გვრიტიშვილებს, შენგელიებს და ამ ადამიანებს პირადი ინტერესების გატარების შესაძლებლობა შეებოჭოთ“.

ჯანეზაშვილის განმარტებით, სასამართლო სისტემა არის ხელისუფლების ერთ-ერთი შტო და სერიოზული პრობლემაა, როცა უმნიშვნელოვანესი შტო, რომელმაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები უნდა განაპირობოს, გაუგონარ გადაწყვეტილებებს იღებს.

სტაჟიორებიც კი კონკურსით აჰყავთ, მაგრამ მოსამართლეები დაასახელეს ფურცელზე ჩამოწერილი გვარების მიხედვით. ეს არის მიუღებელი. პარლამენტმა უნდა გაწეროს თამაშის წესები ისე, რომ საბჭომ იმოქმედოს კონკრეტული წესების ფარგლებში“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატებზე საზოგადოების რეაქცია არის ჯანსაღი, რადგან მნიშვნელოვანია, ხალხმა გააცნობიერა, რომ დემოკრატიის განვითარების ხაზი გადის სასამართლოზე.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.