ნაზი ჯანეზაშვილი - მეც ვფიქრობ, რომ ანა დოლიძეს არ აქვს პოლიტიკური საქმიანობის უფლება
ნაზი ჯანეზაშვილი - მეც ვფიქრობ, რომ ანა დოლიძეს არ აქვს პოლიტიკური საქმიანობის უფლება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ​ნაზი ჯანეზაშვილი ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ანა დოლიძეს მოუწოდებენ, აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება დროულად მიიღოს.

„ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადადგეს საკმაოდ გაბედული ნაბიჯი, როდესაც ასეთი განცხადება გააკეთეს. ვფიქრობ, რომ ეს განცხადება იყო ადეკვატური და დროული. ფაქტია, რამდენიმე თვეა, საჯაროდ ჩანს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ანა დოლიძეს აქვს ისეთი ტიპის გარკვეული საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს საქმიანობას და ისეთი შინაარსი, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ კონტექსტს ატარებს. ამიტომ, მესმის ეს გამოხმაურება ორგანიზაციების მხრიდან. გარდა ამისა, სასამართლოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ჩვენი ქვეყნისთვის და მე არავისზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებ. აუცილებლად ამოვიღებ ხმას, როცა ეს საკითხი მწვავედ დადგება. ამიტომ, ამ შემთხვევაში, მეც ვფიქრობ, რომ ანა დოლიძეს არ აქვს პოლიტიკური საქმიანობის უფლება.

ეს არ ეხება მხოლოდ განცხადებებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ. მან დააფუძნა ორგანიზაცია. აქ ასევე ინტერესთა კონფლიქტია, რადგან იუსტიციის საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, ამავდროულად იყოს წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიმე ორგანიზაციაში. მაგალითად, თუნდაც ეს არასამეწარმეო იურიდიული პირი იყოს. ალბათ, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არ იყო ადვილი ამ განცხადების გაკეთება, მესმის მათი, ვიზიარებ პათოსს, რადგან კონსტიტუციაში არ წერია ის ორგანო, ვინც უნდა გაათავისუფლოს საბჭოს წევრი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანაირ ზღვარს უნდა გადავიდეთ ან წითელი ხაზები გადავკვეთოთ. კანონი თუ ჩემთვისაც არის კანონი და ვიცავ ამ ზღვარს, ყველასთვის კანონი უნდა იყოს.

საბჭოს წევრი არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას, არ უნდა იღებდეს ანაზღაურებას. მე არ ვიცი, იმ ორგანიზაციაში ის იღებს თუ არა ანაზღაურებას, საბჭოს წევრი ინტერესთა კონფლიქტის მაღალი დონის სტანდარტებს უნდა იცავდეს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დატოვე კომენტარი