ნაზი ჯანეზაშვილი - მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან მიმართებით გასათვალისწინებელია კონტექსტი, რომ სისტემას მართავს არაფორმალური ჯგუფი
ნაზი ჯანეზაშვილი - მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან მიმართებით გასათვალისწინებელია კონტექსტი, რომ სისტემას მართავს არაფორმალური ჯგუფი

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან მიმართებით გასათვალისწინებელია კონტექსტი, რომ სისტემას მართავს არაფორმალური ჯგუფი, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ძალაუფლება აქვთ იმ ადამიანებს, რომელთაც ხელი მიუწვდებათ აბსოლუტურად ყველაფერზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემაში არ იყოს რომელიმე კონკრეტული ჯგუფის გავლენა და ძალაუფლება, არამედ გაძლიერდეს ინდივიდუალური მოსამართლე.

„სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიდი ხანია, მუშაობს სასამართლოს რეფორმის სხვადასხვა საკითხზე, დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. ამ შემთხვევაში საუბარი იყო, თუ ვინ უნდა იყვნენ ჯგუფის წევრები. საუბარი იყო საკითხებზე, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლეს სკოლას, საბჭოს, საბჭოს რეგლამენტსა და რეფორმირებას საბჭოს შიგნით, არსებული პროცედურების გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, ვაპირებ, წარვადგინო წინადადებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოს პარლამენტმა და შევიდეს საკანონმდებლო ცვლილებები კანონმდებლობაში. ეს ეხება არაერთ საკითხს. მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მას აქვს უფლებამოსილება, შეცვალოს მოსამართლეთა შემადგენლობა და მოსამართლეები დარგების მიხედვით. ეს თავისთავად ბუნებრივია, საფრთხეს უქმნის ელექტრონულ განაწილებას.

რეფორმები განსახორციელებელია, თუმცა მნიშვნელოვანია ის კონტექსტი გავითვალისწინოთ, რა რეალობაც გვაქვს დღეისთვის, რადგან სისტემას მართავს არაფორმალური ჯგუფი. ძალაუფლება აქვთ იმ ადამიანებს, რომელთაც ხელი მიუწვდებათ აბსოლუტურად ყველაფერზე, მათ შორის ლიდერია ჩინჩალაძე, რომელსაც მოჰყვება მურუსიძე და სხვები. მნიშვნელოვანია, რომ ის კონტექსტი იქნას გათვალისწინებული რეფორმის დაგეგმვისას, რომ სასამართლო სისტემაში არ იყოს რომელიმე კონკრეტული ჯგუფის გავლენა და ძალაუფლება, არამედ გაძლიერდეს ინდივიდუალური მოსამართლე“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს დიპლომატიური კორპუსისა და საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

დატოვე კომენტარი