ნაზი ჯანეზაშვილი - მაინტერესებს, რამდენად შეძლებს შალვა თადუმაძე, მოსამართლედ არჩევის შემთხვევაში იყოს აპოლიტიკური
ნაზი ჯანეზაშვილი - მაინტერესებს, რამდენად შეძლებს შალვა თადუმაძე, მოსამართლედ არჩევის შემთხვევაში იყოს აპოლიტიკური

რამდენად შეიძლება აპოლიტიკური იყოს ის მოსამართლე, რომელსაც რეკომენდაციას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი და ასევე პარლამენტის ორი წევრი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, გენერალურ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან გასაუბრების დაწყების წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.

საბჭოს არამოსმაართლე წევრის თქმით, მას კითხვები, თადუმაძის საქმიანობასთან დაკავშირებითაც ექნება.

„ჩემთვის საინტერესოა, რას მიიჩნევს შალვა თადუმაძე წარმატებად, რაც გენერალური პროკურორია. რას ფიქრობს იმ გაჭიანურებულ გამოძიებაზე, რომელიც არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება.

ჩემთვის ასევე საინტერესოა ის, რომ შალვა თადუმაძეს განაცხადის ფორმაში რეკომენდატორებად მითითებული ჰყავს პარლამენტის მოქმედი დეპუტატები ირაკლი სესიაშვილი და კობა კობალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. როგორც ჩანს, წარსულში აკავშირებდა გარკვეული სამსახურებრივი ურთიერთობა ამ ადამიანებთან. ჩემი კითხვა, სწორედ ამას უკავშირდება, რამდენად შეიძლება აპოლიტიკური იყოს ის მოსამართლე, რომელსაც რეკომენდაციას უწევს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ასევე პარლამენტის ორი წევრი“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. საბჭოს წევრები ამ დროისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს უსმენენ.