ნაზი ჯანეზაშვილი - კლანი უვადო დანიშვნების სისტემას იყენებს თავისი ძალაუფლების და არა ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებისთვის
ნაზი ჯანეზაშვილი - კლანი უვადო დანიშვნების სისტემას იყენებს თავისი ძალაუფლების და არა ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებისთვის

კლანი უვადო დანიშვნების სისტემას იყენებს თავისი ძალაუფლების და არა ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფართოებული სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს გასვლით სხდომას, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება, მოსამართლეების მხრიდან შოუს მოწყობის მცდელობას უწოდებს და განმარტავს, რომ ამგვარი კამპანიური ხასიათის ღონისძიებები სასამართლო სისტემას აზიანებს.

რაც შეეხება პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეთა უვადოდ განწესების 2025 წლამდე შეჩერებას, ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ საზოგადოება უნდა დაელოდოს, თუ რა ნაბიჯს გადადგამს საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით.

„დღევანდელი სხდომა, რომელიც საქალაქო სასამართლოში ტარდება, შეთანხმებული არ ყოფილა ჩვენთან. როგორც ჩანს, მოსამართლე წევრებმა გადაწყვიტეს, მორიგი შოუ მოეწყოთ. ჩვენ ვნახეთ, რომ მოსამართლეთა ბოლო კონფერენციაზე ​მოსამართლეებმა საზოგადოებას აჩვენეს მოჩვენებითი ერთიანობა. მიმაჩნია, რომ ამგვარი კამპანიური ხასიათის ღონისძიებები, რომელსაც სასამართლო აორგანიზებს და უპირისპირებს საზოგადოების მთავარ ინტერესს, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული, არის სრულიად მიუღებელი. პარლამენტის გადასაწყვეტია, როგორ საკანონმდებლო რეგულაციას მოიფიქრებს, რათა შექმნას შესაძლებლობა, რომ მოსამართლეები დროებით უვადოდ არ დაინიშნონ და სისტემა მაქსიმალურად გაიმართოს. ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი და არა კონკრეტული კლანის თუ რამდენიმე ადამიანის. დაველოდოთ პარლამენტის გადაწყვეტილებას, მის ნებას, რამდენად ექნება სურვილი, რომ სასამართლო სისტემაში გამართოს პროცესი, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ უვადოდ დანიშვნები ვერ უძლებს კრიტიკას. ჩვენ ვნახეთ ბოლო დროს, როდესაც დაინიშნა ლევან მურუსიძე, როგორ მოიღო საბჭომ გადაწყვეტილება ფორსირებულ რეჟიმში. გასაუბრების დღესვე ჩაატარა კენჭისყრა. ასეთი მაგალითები არ გვაქვს ნამდვილად. ეს ეხებოდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მოსამართლეს. საბჭო და ეს კლანი უვადო დანიშვნების სისტემას იყენებს თავისი ძალაუფლების გაძლიერებისთვის და არა ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებისთვის. ამიტომ სისტემა, რომელიც არის ძალიან დემოკრატიული, აღმოჩნდა, რომ კლანმა გამოიყენა თავის სასარგებლოდ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.