ნაზი ჯანეზაშვილი - ხუთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, 2002 წელს დავასრულე, ​თადუმაძესთან დაკავშირებით რა ხდება, არ ვიცი
ნაზი ჯანეზაშვილი - ხუთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, 2002 წელს დავასრულე, ​თადუმაძესთან დაკავშირებით რა ხდება, არ ვიცი

1997-2002 წლებში, ხუთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ამ ინსტიტუტში. დიპლომი მე თავის დროზე პარლამენტში წარვადგინე და თუ ვინმეს ამის ნამდვილობაში ეჭვი ეპარებოდა, მათ შორის დამკვირვებლებს და ყველასაც, შეგვეძლო გველაპარაკა მაშინაც, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ ნაზი ჯანეზაშვილმა ასევე 2003 წლამდე დაამთავრა იგივე ინსტიტუტი, რომელიც გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.

„წარდგენილი მაქვს ჩვეულებრივად ეს დიპლომი, აქვს ბეჭედი, საიდენტიფიკაციო კოდი, ნომერი, ყველა ის რეკვიზიტი, რაც უნდა ჰქონდეს. დავასრულე 2002 წელს. რაც შეეხება სახელს, მაშინ მე ამაზე ყურადღება არ მიმიქცევია საიდენტიფიკაციო კოდი, სახელწოდება, რაც ბეჭედზეა და ხელმოწერა, ჩემში ეჭვი არ გამოუწვევია მაშინ და რომელი აქტით მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელობის, არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი და მე მგონია, რომ ეს შესაძლებელი იყო, სულაც შიდა რაღაც გადაწყვეტილებით ყოფილიყო მინიჭებული. მთავარი არის, რომ საიდენტიფიკაციო კოდი, სახელწოდება ჰუმანიტარული ინსტიტუტი და ხელმოწერები არის ჩვეულებრივად ნამდვილი. მე არ ვიცი, რა ხდება თადუმაძესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კითხვაზე, რატომ მოიყვანა მამუკა მდინარაძემ მაგალითად მისი დიპლომი, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ იცის.

„ერთ-ერთ მოსამართლეს, მაგალითად ჩახნაშვილს, თუ არ ვცდები, ასევე ეს ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, ნამდვილობაც ჩვეულებრივად დადასტურებული აქვს. 2004-ში აქვს დამთავრებული, როცა შევიდა ნოდარ დუმბაძის სახელობის ოფიციალურად, როგორც სახალხო დამცველი ამბობს. მე არ ვიცი, ის დოკუმენტები კიდევ დამატებით არის ალბათ შესასწავლი. საერთოდ, არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია. მართლა არ ვიცი, ასე სტუდენტები აქცევენ ყურადღებას. რომელი აქტით მიენიჭა ამ უნივერსიტეტს ამის სახელი, მგონი, ამას არავინ აქცევს ყურადღებას. ეს არ იყო საქართველოში, შეიძლება ითქვას, საუკეთესო უნივერსიტეტი, მაგრამ პრეტენზია მაქვს, რომ ამის მერე სწავლა გავაგრძელე აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და ამერიკაში საუკეთესო უნივერსიტეტებში ნამდვილად. მე მხოლოდ ამით არ წარვმდგარვარ საქართველოს პარლამენტის წინაშე“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.