ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, შოთა ქადაგიძისა და ზაზა ხარებავას განცხადებები მათ სამომავლო კარიერას უკავშირდება
ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, შოთა ქადაგიძისა და ზაზა ხარებავას განცხადებები მათ სამომავლო კარიერას უკავშირდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, შოთა ქადაგიძისა და ზაზა ხარებავას განცხადებები საბჭოს მოსამართლე წევრების საამებლად არის გაკეთებული, რომელთა წინაშეც ისინი ვალში არიან, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი თავისვე კოლეგების, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის მიერ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებებს.

ჯანეზაშვილის შეფასებით, კოლეგების ასეთი პოზიცია მეტყველებს, რომ ისინი ვალში მათთან დაახლოებულ საბჭოს მოსამართლე წევრებთან. ამ კონტექსტში ხარებავაზე საუბრისას ჯანეზაშვილი საბჭოს წევრ ირაკლი შენგელიას ახსენებს.

მისი თქმით, ქადაგიძეც და ხარებავაც საბჭოს პასიური წევრები არიან და მათ მხარი დაუჭირეს, როგორც ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენილ სიას.

„რაც შეეხება ხარებავასა და ქადაგიძეს ერთად, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მურუსიძეს დაუჭირეს მხარი ისე, რომ კითხვაც არ დაუსვამთ და დაეთანხმნენ მოსამართლე წევრების ერთიან პოზიციას, რომ მურუსიძე უნდა დანიშნულიყო თანამდებობაზე და  ჩუმად ისხდნენ. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხარებავას ერთი საკითხიც კი არ დაუყენებია საბჭოს სხდომაზე, არ მახსენდება, რომ მას სერიოზულ დისკუსიაში მიეღოთ მონაწილეობა. ეს მეტყველებს, რომ ის  ვიღაცების ლობირებით არის არჩეული და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საბჭოს მოსამართლე წევრ ირაკლი შენგელიასთან დაახლოებული პირია. ბუნებრივია, ვალში არიან, რადგან ხარებავას არავინ იცნობდა, არავინ იცოდა, ვინ იყო“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშილი.

საბჭოს არამოსამართლე წევრს მიაჩნია, რომ ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის განცხადებები, რომლის მიზანიც მისივე თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის მხარდაჭერაა, მათ სამომავლო კარიერას უკავშირდება.

„ეს განცხადებები იმისთვისაა, რომ მოსამართლე წევრებს მოაწონონ თავი, რადგან როცა საბჭოში ვადა ამოეწურებათ, მერეც დარჩნენ სადღაც სისტემაში. ამაზე წინასწარ ზრუნავენ. არ ვიცი, ვინ სად დარჩება და რა მოხდება მაგრამ ფაქტია, რომ ესენი არიან ადამიანები,  რომლებიც მათ ფეხის ხმას აყვნენ. ძალიან საინეტერესო დეტალია ის, რომ ჩინჩალაძის და იმ სიის წარდგენასაც მხარი დაუჭირეს, არანაირი პრეტენზია არ გასჩენიათ, პროტესტი არ ჰქონათ. როდემდე უნდა განაგრძონ ასეთი ტიპის საქმიანობა ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა და უპასუხისმგებლობაზე მიუთითა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, შოთა ქადაგიძემ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ბოლო პერიოდში ცილისმწამებლურ, უსაფუძვლო და პოპულისტურ განცხადებებს აკეთებენ. დოლიძე და ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ზაზა ხარებავამაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გახშირდა სიძულვილის ტონი მოსამართლეებისა და სასამართლო ხელისუფლების მისამართით, რასაც ხელს უწყობს ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის განცხადებები.