ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბევრი რამ შესაცვლელია
ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბევრი რამ შესაცვლელია

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბევრი რამ შესაცვლელია, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს ბორჯომში განუცხადა, სადაც მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვდრა მიმდინარეობს.

ჯანეზაშვილის თქმით, აღნიშნული მიმართულებით საკუთარი რეკომენდაციები აქვს.

„მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და ჯერ ბევრი რამ ვერ განხორციელდა. რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბევრი რამ შესაცვლელია, მათ შორის არის გადაწყვეტილების მიღების საკითხი, როგორ მუშაობს საერთოდ საბჭო, ასევე სხდომების მოწვევის თემა არის დასახვეწი და ამ მხრივ, ჩემი რეკომენდაციები მექნება“, – აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, ხელისუფლების სამივე შტოს, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.

სამუშაო ჯგუფი რეფორმის მეოთხე ფაზის ოთხ ძირითად საკითხზე მსჯელობს, რომლებიც სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკავშირდება.