ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან გზირიშვილის შვილს, სავარაუდოდ, მოსამართლეობისთვის ამზადებენ და როგორც ჩანს, მას მამა ეხმარება
ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან გზირიშვილის შვილს, სავარაუდოდ, მოსამართლეობისთვის ამზადებენ და როგორც ჩანს, მას მამა ეხმარება

იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან გზირიშვილის შვილს, სავარაუდოდ, მოსამართლეობისთვის ამზადებენ და როგორც ჩანს მას მამა ეხმარება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოს წევრი არ ერიდება რომ მისი საბჭოში საქმიანობის ვადა ამოწურული არ არის და საკუთარი ოჯახის წევრი იღებს კონკურსში მონაწილეობას. ჯანეზაშვილის მოსაზრებით, არ არის განორიცხული, რომ იკვეთებოდეს ორმხრივი ინტერესი და ადგილი ჰქონდეს ორმხრივ გარიგებას საბჭოს მოსამართლე წევრებსა და ლევან გზირიშვილს შორის.

„მინდა განვაცხადო ლევან გზირიშვილთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ლევან გზირიშვილის შვილი მონაწილეობს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში. როგორც ჩანს, გზირიშვილის ვაჟს ამზადებენ იმისათვის, რომ გახდეს მოსამართლე. მან გასულ წელს ვერ ჩააბარა გამოცდა. წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და უკვე შემოიტანა საბუთები იმისათვის, რომ სკოლაში ჩაირიცხოს და სკოლაში ჩარიცხვა არის სავალდებულო კომპონენტი მოსამართლეობისთვის. საბჭოს წევრი არ ერიდება, როდესაც მუშაობს საბჭოში, იმ ვადაში მისი შვილი იღებს კონკურსში მონაწილეობას.

ჩნდება ეჭვები, რომ ორმხრივი ინტერესი შეიძლება იყოს, როდესაც შესაძლოა, გზირიშვილმა მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატებს, რომლებსაც წარმოუდგენს იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა და პირიქით – უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს ლევან გზირიშვილის შვილს, იმისათვის, რომ გახდეს იგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი და შემდეგ უკვე მოსამართლე. ჩემი აზრით, ამ ადამიანს ამზადებენ მოსამართლეობისთვის და როგორც ჩანს, მამა ამაში ეხმარება“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.