ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოს მხოლოდ ტექნიკურ ფუნქციას თუ დავუტოვებთ, ვფიქრობ, არ იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისი
ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოს მხოლოდ ტექნიკურ ფუნქციას თუ დავუტოვებთ, ვფიქრობ, არ იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისი

იუსტიციის საბჭოს მხოლოდ ტექნიკურ ფუნქციას თუ დავუტოვებთ, ვფიქრობ, ეს არ იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისი, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ცვლილებას გულისხმობს.

ნაზი ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ კანონპროექტის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საბჭოს კანდიდატთა შერჩევის მხოლოდ ტექნიკური ფუნქცია რჩება და ძირითადი პროცესი გადადის პარლამენტში მიუღებელია.

„ვფიქრობ, სხვა მეთოდებით უნდა დავძლიოთ პრობლემა, რომ საბჭომ არ მიიღოს არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილება. არ მივესალმები ინიციატივას, რომ საბჭოს მხოლოდ ტექნიკური ფუნქცია დაუტოვოს. არა იმიტომ, რომ საბჭოს წევრი ვარ, არამედ იმიტომ, რომ კონსტიტუციის სულისკვეთებას ეს პროექტი ამ ნაწილში ჩემი აზრით, არ იზიარებს“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

რაც შეეხება კანონპროექტს, ჯანეზაშვილი მიესალმება, საკითხმა დაინტერესება გამოიწვია, თუმცა დეპუტატების მისამართით სვამს კითხვას, სად იყვნენ ისინი იმ დრომდე, ვიდრე კონსტიტუციაში, ის ნორმები შევიდოდა ძალაში, რომლის მიხედვითაც საბჭოს გადაეცა უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა დასახელების უფლება.

„ჩემი კითხვა ეხება ყველას, სად იყვნენ აქამდე ეს ხალხი, რატომ აქამდე არ მოამზადა ეს პროექტი. მე ისეთი ცვლილებები მაინტერესებს, რომელიც კლანის უფლება-მოსილებას შეზღუდავს“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

დღეს 13-მა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინიციატივა წარადგინა.

დატოვე კომენტარი