ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოს ინიციატივა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებზე ინფორმაციის მოძიებას ეხება, პიარზეა გათვლილი
ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოს ინიციატივა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებზე ინფორმაციის მოძიებას ეხება, პიარზეა გათვლილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს წარდგენილი ინიციატივა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ეხება, პიარზეა გათვლილი.

„წარმოდგენილი არის ცვლილება, რომელიც ეხება მოსამართლეთა შერჩევის წესში გარკვეული სიახლეების შემოტანას. ეხება მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. კარგი არის, რომ საია-ს რეკომენდაციებს საბჭო ითვალისწინებს და პროექტს ამზადებს, მაგრამ გასულ კვირას მე მქონდა ასევე საია-ს რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებული პროექტი, რომელიც ეხებოდა კანდიდატების შეფასებას საბჭოს წევრების მიერ, რომ აღებულიყო ვალდებულება დასაბუთებული შეფასების. საბჭომ ეს არ გაითვალისწინა, რადგან ეს იყო ჩემ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგავრად პიარზე გათვლილი აქტივობა და არა რა თქმა უნდა, სიღრმისეულად გათვალისწინება ყველა იმ რეკომენდაციის, რომელიც წარმოადგინა საია-მ. ამ შემთხვევაში, ეს არის ის ნაწილი, რომელიც ეხება ფორმალურ საკითხებს. მინდა, წუხილი გამოვთქვა, რომ ნებისმიერი რეკომენდაცია თუ პროექტი, რომელსაც წარმოვადგენთ მე და ანა დოლიძე, უმრავლესობა ამას არ ითვალისწინებს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატის თაობაზე ინფორმაციის მოძიების პროცედურების დახვეწაზე იმსჯელებს. საკითხზე მომხსენებელი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძეა.