ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოს დღის წესრიგი ადასტურებს, „კლანს" ფსონი ილონა თოდუაზე აქვს დადებული, რომ ის მოხვდეს უზენაეს სასამართლოში
ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოს დღის წესრიგი ადასტურებს, „კლანს" ფსონი ილონა თოდუაზე აქვს დადებული, რომ ის მოხვდეს უზენაეს სასამართლოში

„დღევანდელი დღის წესრიგი ადასტურებს, რომ იუსტიციის საბჭოში კლანია, რომ ეს ხალხი ლობირებს ილონა თოდუას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი საკითხი ვერ მოხდებოდა ასე სწრაფად დღის წესრიგში, – ამის შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პირველ საკითხად ჩანიშნულია მოსამართლე ილონა თოდუას განმარტებები ნაზი ჯანეზაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ილონა თოდუამ საკუთარი ბინა დედაზე გადააფორმა, სახლის ქირის თანხას კი საბჭოდან იღებდა.

ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოს დღევანდელ დღის წესრიგი ადასტურებს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებს და ე.წ. „კლანს“ სწორედ ილონა თოდუაზე აქვს ფსონი დადებული, რომ ის მოხვდეს უზენაეს სასამართლოში.

„ეს ხალხი ლობირებს თუნდაც ილონა თოდუას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ილონა თოდუა ვერ მოხვდებოდა დღეს ასე სწრაფად დღის წესრიგში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ხვალ უკვე ვიწყებთ გასაუბრებას. ეს ნიშნავს, რომ ეს ხალხი იბრძოლებს ბოლომდე, რათა თავისი ხალხი, ილონა თოდუები და სხვები და სხვები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატებად იხილონ.

ილონა თოდუა ოთხი წელი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მას ფაქტობრივად ხმა არ ამოუღია. მე ვესწრებოდი მაშინ სხდომებს და ვაკვირდებოდი, როგორ მიდიოდა პროცესი. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი რომელიც სიჩუმით, როგორც დღეს ხარებავა გვყავს, სარგებლობდა თუ ცდილობდა, რომ აი ამ ფორმატით ემუშავა და ასე მიეღო გადაწყვეტილებები“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას მართავს, სადაც საბჭოს წევრები, დღის წესრიგის თანახმად, 11 საკითხს განიხილავენ.