ნაზი ჯანეზაშვილი - გიორგი მიქაუტაძემ მოსამართლეობის კანდიდატობაზე განაცხადის შეტანის წესი დაარღვია, რის გამოც, ის შემდეგ ეტაპზე ვერ უნდა გადავიდეს
ნაზი ჯანეზაშვილი - გიორგი მიქაუტაძემ მოსამართლეობის კანდიდატობაზე განაცხადის შეტანის წესი დაარღვია, რის გამოც, ის შემდეგ ეტაპზე ვერ უნდა გადავიდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობაზე გიორგი მიქაუტაძის განაცხადში ხარვეზი ფიქსირდება.

როგორც ჯანეზაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადის შეტანისას საბჭოს მიერ მიღებული და მის მიერვე ხელმოწერილი წესი დაარღვია.

ჯანეზაშვილის თქმით, ეს გარემოება უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ მიქაუტაძის განცხადება შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდეს.

„გიორგი მიქაუტაძემ დაუშვა შეცდომა, არ ვიცი, განგებ თუ შემთხვევით, მაგრამ მის განაცხადში აღმოვაჩინე ხარვეზი. ნაცვლად სამი რეკომენდატორისა, მან მიუთითა ორი რეკომენდატორი. ეს უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ იგი შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდეს. თუ გიორგი მიქაუტაძე გადავა შემდგომ ეტაპზე, ეს იქნება აბსოლუტურად დისკრიმინაციული მიდგომა, უპირატესობის მინიჭება ამ ადამიანისთვის. სიაშია არიან ადამიანები, რომლებსაც ხუთი და ექვსი რეკომენდატორი ჰყავთ მითითებული.

წესს რომელშიც წერია, რომ სამი რეკომენდატორი უნდა იყო მითითებული, თავად აწერს ხელს და თავისივე ხელმოწერილ წესს თუ დაარღვევს, ეს იქნება კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქა მის ცხოვრებაში”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატთა სია დღეს გაასაჯაროვა. ახალი სიის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოხვდა.