ნაზი ჯანეზაშვილი ფარულ კადრებთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება
ნაზი ჯანეზაშვილი ფარულ კადრებთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც ჯანეზაშვილმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას დეპუტატ ეკა ბესელიას შესახებ ვიდეოს „სქრინი“ „ფეისბუქ“ მეგობარმა გაუგზავნა.

„ფეისბუქზე“ მომივიდა შეტყობინება, რომ ვრცელდებოდა ეკა ბესელიას შესახებ ვიდეომასალები. შესაბამისად, ვურჩიე ამ ადამიანს, რომ მიემართა 112-ისთვის, თუ ასეთი ვიდეო ნახა. ვიდეო მე არ მინახავს, მან გამომიგზავნა ვიდეოს „სქრინი“ და ვფიქრობ, ჩვენ ყველა ადამიანმა, ვისაც კი რაიმე ინფორმაცია მიუვა ამის შესახებ, უნდა მიმართოს პოლიციას.

თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები და მოვახდენთ ადეკვატურ რეაგირებას, გამოძიებაც უფრო წარმატებული იქნება და ის ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს, ვეღარ გაბედავს მსგავსი ქმედების ჩადენას.

მომავალშიც იქნება ეს პრევენცია, რადგან ვიცით, რომ წარსულშიც იყო მსგავსი ფაქტები, როდესაც ადამიანებს აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრებით და ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ პირადი ცხოვრების დეტალების გამჟღავნებით შანტაჟი უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

​მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა ერთმანეთში არგუმენტებით უნდა იდავონ და არა ასეთი დეტალების გამჟღავნებით.

„ეს არის მიუღებელი და მით უმეტეს, ეს პოლიტიკოსებს ეხება, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან არგუმენტებით იდავონ, იბრძოლონ და არა ასეთი დეტალების გამჟღავნებით. არ არის ანონიმური, სახელი და გვარი წერია, მაგრამ რამდენად რეალური ადამიანი დგას ამის წინ, არ ვიცი“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.