ნაზი ჯანეზაშვილი - დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც იუსტიციის საბჭოს არალეგიტიმური თავმჯდომარეა, წესრიგის დაცვას ვერ უზრუნველყოფს
ნაზი ჯანეზაშვილი - დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც იუსტიციის საბჭოს არალეგიტიმური თავმჯდომარეა, წესრიგის დაცვას ვერ უზრუნველყოფს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა.

„ისინი პერიოდულად ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს მშვიდად მიმდინარეობს გასაუბრება, თითქოს ცდილობენ, დამაცადონ, რომ შეკითხვები დავსვა, მაგრამ როგორც კი საკითხი შეეხება არაკომფორტულ კითხვებს, ან კითხვებს, რომელიც შესაძლოა, კანდიდატის კომპეტენციაზე დადებით შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს, ასეთ დროს იუსტიციის საბჭოს წევრები ერთვებიან. დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არალეგიტიმური თავმჯდომარეა, წესრიგის დაცვას ვერ უზრუნველყოფს და საშუალებას აძლევს თუნდაც სერგო მეთოფიშვილს, რევაზ ნადარაიას, თამარ ონიანს, თავისი რეპლიკებით და ისეთი გამოსვლებით, რომელიც პროცესის მიმდინარეობას არ შეესაბამება. ასეთი ტიპის ჩართვები არალევანტირია გასაუბრებასთან, არ აწყვეტინებს მათ საუბარს“, – აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ ლომიძე იყო მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე და გასაუბრებისას კანდიდატს აღნიშნულ საკითხზე კითხვები დაუსვა.

„მაინტერესებდა, რა გავლენა მოახდინა მის კარიერაზე მიხეილ ჩინჩალაძემ. თუნდაც, დაეხმარა თუ არა რეკომენდაციით, როდესაც მოსამართლე გახდა. თუმცა, ამაზე ძალიან ზოგადი პასუხები მივიღე. ასევე, ძალიან ზოგადი პასუხები მივიღე უამრავ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე დამაზუსტებელ კითხვებს ვსვამდი. როგორც ჩანს, საბჭოს წევრებისთვის ეს სხვა ასოციაციებს იწვევს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ ლომიძესთან გასაუბრება უკვე დასრულდა. შეკითხვებს ამ წუთებში გენადი მაკარიძე პასუხობს.

დატოვე კომენტარი