ნაზი ჯანეზაშვილი - დღევანდელ ფორუმში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც ეთიკას კი არა, საჯარო მოხელის ელემენტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ
ნაზი ჯანეზაშვილი - დღევანდელ ფორუმში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც ეთიკას კი არა, საჯარო მოხელის ელემენტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ

კარგია, თუ ვისაუბრებთ სამოსამართლო ეთიკაზე და რამეს გაიგებენ, მაგრამ როდესაც ვიღაცები ცოლისძმასა და მაზლებს ირჩევენ, მაშინ გავიხსენოთ ხოლმე, რა არის ეთიკა, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმს „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“.

ამასთან, ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ფორუმის მომხსენებლები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრი თამარ ონიანი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, მოსამართლე თამარ ალანია არ უნდა საუბრობდნენ სამოსამართლო ეთიკის სტანდარტებზე, რადგან სტანდარტები არაერთხელ აქვთ დარღვეული.

„შემიძლია, ახლა ძალიან ლამაზად ვისაუბრო, სად გადის ზღვარი მოსამართლის ეთიკასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, მაგრამ როდესაც პანელში ზის თამარ ალანია, რომელიც მუშტების ბრახუნით მაგიდასთან საბჭოს სხდომაზე გამოგვეცხადა, ძალიან ცინიზმია, ის გვესაუბრებოდეს სამოსამართლო ეთიკაზე. მას არ რცხვენია ეთიკისა და იმ წესების დარღვევა, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში და სამოსამართლო ეთიკის კოდექსში წერია. ცინიზმია ისიც, რომ გიორგი მიქაუტაძე გვესაუბრება სამოსამართლო ეთიკაზე, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცესში“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

​ჯანეზაშვილის თქმით დარბაზში მსხდომი ადამიანები არათუ ეთიკას, ელემენტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, რომლებიც საჯარო მოხელემ უნდა დაიცვას.

„ასევე, ჩემთვის გამაოგნებელია, რომ აქ დარბაზში ზის თამარ ონიანი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს კენჭისყრაში, სადაც მისი მაზლი ოფიციალურად მონაწილეობდა ამ პროცესში, გადავიდა და მოხვდა 50 კაციან სიაში. საუბარია ზურაბ აზნაურაშვილზე. ასევე გამაოგნებელია ისიც, რომ ირაკლი შენგელიამ, რომელიც არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, საბჭოს წევრი,  მონაწილეობა მიიღო თავისი ცოლის ძმის არჩევაში და ლევან თევზაძეც აქ ზის დარბაზში.  თევზაძეც გადავიდა 50 კაციან სიაში.

საერთოდ, რა ეთიკაზე ვლაპარაკობთ, როდესაც დარბაზში სხედან ადამიანები, რომლებიც ეთიკას კი არა, ელემენტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ, რომლებიც საჯარო მოხელემ უნდა დაიცვას. კარგია, თუ ვისაუბრებთ ეთიკაზე და რაიმეს გაიგებენ, მაგრამ როდესაც ვიღაცები ცოლისძმას და მაზლებს ირჩევენ, მაშინ გავიხსენოთ ხოლმე, რა არის ეთიკა“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასში“ საერთაშორისო ფორუმი იმართება თემაზე „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“. ფორუმს ორგანიზებას უწევს და მხარს უჭერენ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, ევროპის საბჭო, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტი და USAID-ის პროგრამა კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში.