ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს ფასადურს უწოდებენ
ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს ფასადურს უწოდებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს ფასადურს უწოდებენ.

ჯანეზაშვილმა და დოლიძემ საბჭოს შენობასთან უზენაესი სასამართლოს შენობის პლაკატი მიიტანეს.

მათი თქმით, ეს არის სიმბოლო, რომ კონკურსი იყო ფასადური და არაფერი აქვს საერთო სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნის მცდელობასთან. მათ მედიას და მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ დაეხმარონ ფასადური სასამართლო სისტემის დანგრევაში.

„გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სასამართლოში არის ავტორიტარული მმართველობა და არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. გასაუბრებები მიდიოდა შეტევების ფონზე. ვერც ერთმა მოქმედმა მოსამართლე კონკურსანტმა ვერ გაბედა, ეთქვა  – სისტემაში ერთი ადამიანის მმართველობაა, კერძოდ ჩინჩალაძის და ერთ-ერთი ლიდერია მურუსიძე“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ანა დოლიძის თქმით კი, ბრძოლას ფასადური სასამართლო სისტემის დანგრევის მიზნით, ის და ნაზი ჯანეზაშვილი გააგრძელებენ, ამ ბრძოლაში დახმარებას მედიას და საზოგადოებას სთხოვენ.

„მე და ნაზი ჯანეზაშვილი შიშველი ხელებით ვიბრძვით, რომ გაგვეშიშვლებინა ეს ფასადი. ახლა ბრძოლა გრძელდება დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და მარტო ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით. გვჭირდება თქვენი გაცნობიერება, რომ ეს ფასადი გავწიოთ გვერდზე. სექტემბერში გელოდებით, ერთადერთი, ვისაც ამ ფასადის დანგრევა შეუძლია, ეს არის ქართველი ხალხის ძალა“, – განაცხადა დოლიძემ.