ნაზი ჯანეზაშვილი - ბორჯომში შეხვედრა ნამდვილად კონსტრუქციული იყო და ყველა მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, აზრი გამოეთქვა
ნაზი ჯანეზაშვილი - ბორჯომში შეხვედრა ნამდვილად კონსტრუქციული იყო და ყველა მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, აზრი გამოეთქვა

ბორჯომში გამართული შეხვედრა ნამდვილად კონსტრუქციული იყო და ყველა მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, აზრი გამოეთქვა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენი მოსაზრებები ვთქვით. ყოველ შემთხვევაში, მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ჩემი მოსაზრებები მეთქვა. მთავარი მაინც შედეგია. მისასალმებელი იქნება, თუ ეს შეხვედრები შეხვედრებად არ დარჩება, გაითვალისწინებენ იქ გამოთქმულ მოსაზრებებს და დაიჯერებენ, რომ პრობლემები, რომელიც იქ დავსვით, ნამდვილად პრობლემაა და მას გაუმჯობესება სჭირდება“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ამ განცხადებით ნაზი ჯანეზაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მოხერხდა თუ არა ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე პოზიციების შეჯერება მმართველ გუნდთან.

მისი თქმით, სასამართლოში ძალიან ბევრი პრობლემაა და სისტემა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

„მხოლოდ გაჭიანურების თემა რომ ავიღოთ, შეიძლება, ამას მიუძღვნა მთელი ექვსი თვე; დაჯდე და იმუშაო, როგორ გადაჭრა ეს პრობლემა. ძალიან სერიოზული თემებია, რომლებსაც მოგვარება სჭირდება და ორ დღეში კი ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, რაც კარგია და კონკრეტულ დებულებებთან მიმართებაში რაღაც მონახაზები გაჩნდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. იმედი მაქვს, რომ მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გზავნილი დაინახა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გუშინდელ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გულდაწყვეტილია, რომ კანონპროექტში საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა რეკომენდაცია ვერ აისახა, ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ როცა მთავარი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი და ქვეყანაში მთავარი დიპლომატი ასეთ განცხადებას აკეთებს, რა თქმა უნდა, ამას დაფიქრება, გაანალიზება და მსჯელობა სჭირდება, სად დავუშვით შეცდომები და ხელისუფლება ამაზე უნდა დაფიქრდეს.

„მეც მიმაჩნია, რომ რეკომენდაციების ძალიან დიდი ნაწილი გასათვალისწინებელი იყო და ხელისუფლებას შეეძლო, ისინი გაეთვალისწინებინა. მე ვიზიარებ ამ განცხადების პათოსს. იმიტომ, რომ ეს ქვეყანას წაადგებოდა“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა აღნიშნა, პარლამენტმა უნდა შექმნას ისეთი კანონმდებლობა, რაც დეკემბერში წარდგენილი სიის მსგავსი სიის წარდგენის შესაძლებლობას მოსპობს.

„მე მიმაჩნია, რომ პარლამენტს ბევრი მიზეზის გამო უნდა უნდოდეს, რომ ასეთი სიის წარდგენის შესაძლებლობა მოსპოს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ უზენაესი სასამართლოს კარი უნდა გავუღოთ გარედან მოსულ კვალიფიციურ კადრებს, რათა ახალი ადამიანები შემოვიდნენ, ისევ არ გავაძლიეროთ კლანი და ა.შ. მნიშვნელოვანია, გვქონდეს ისეთი კანონი, რომ ეს კლანი შევბოჭოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტის არსებობა და ახალი რეგულაციების შემოტანა პროცესს მხოლოდ გაალამაზებს, რაც საკმარისი არ არის“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.