ნაზი ჯანეზაშვილი - ბევრი ადამიანი უზენაესი მოსამართლეობის სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ კონკურენცია შექმნილიყო
ნაზი ჯანეზაშვილი - ბევრი ადამიანი უზენაესი მოსამართლეობის სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ კონკურენცია შექმნილიყო

ბევრი ადამიანი უზენაესი მოსამართლეობის სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ კონკურენცია შექმნილიყო, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, დღევანდელი გასაუბრებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ კანდიდატების უმეტესობა სიაში ფორმალური კონკურენციის გამო მოხვდა.

„ამ გასაუბრებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომელი კანდიდატი გადავა და მოხვდება პარლამენტისადმი წარსადგენ 20-კაციან სიაში, ჩანს რომელ კანდიდატთან არის ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ნამდვილად არ მაფიქრებინებს, რომ ის საერთოდ მოხვდება უზენაეს სასამართლოში და აქ დიდი ამბიციით ან მოტივაციით მოვიდა. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი ამ სიაში მოხვდა იმიტომ, რომ კონკურენცია შექმნილიყო, დღევანდელი გასაუბრებაც ამის დასტური იყო“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მერაბ ლომიძეს და გენადი მაკარიძეს მოუსმინეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. 50 კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ კი საბჭო, ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.