ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე გახდეს
ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე გახდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე გახდეს.

ჯანეზაშვილს არ აქვს ინფორმაცია, რა მსჯელობა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტთან დაკავშირებით, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ინფორმაცია, გიორგი მიქაუტაძის შესაძლო თავმჯდომარეობაზე, გამართლდეს.

„სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასეთი საკითხები არ წყდება ხოლმე. ვიდრე საბჭო ფორმალურად მიიღებს გადაწყვეტილებას ასეთ მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით, სხვაგან განიხილება ეს საკითხები. მე არ ვიცი, ვისზე აკეთებენ არჩევანს, მაგრამ გამორიცხული ნამდვილად არაფერია”,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდგ გახდა, რაც ნინო გვენეტაძემ 2018 წლის 2 აგვისტოს თანამდებობა საკუთარი სურვილით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს არჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ამტკიცებს საკანონმდებლო ორგანო. აღნიშნული შემადგენლობიდან კი შეირჩევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც.

იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და ის პარლამენტმა ჩააგდო, ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესში ცვლილებებზე მსჯელობა მიმდინარეობს. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება ცვლილებების შემდეგ მოხდება.