ნაზი ჯანეზაშვილი - ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიმართვას ფასი ექნებოდა, საბჭოს წევრები ყველას მიმართ ობიექტურები რომ ყოფილიყვნენ
ნაზი ჯანეზაშვილი - ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მიმართვას ფასი ექნებოდა, საბჭოს წევრები ყველას მიმართ ობიექტურები რომ ყოფილიყვნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მხარი არ დაუჭირა საბჭოს წევრთა ნაწილის განცხადებას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს.

მისივე განმარტებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეაგირება არ მოუხდენია მაშინ, როცა მოსამართლეები წინასაარჩევნოდ, აქტიურ პერიოდში პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობდნენ.

აქედან გამომდინარე, ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ საბჭო შერჩევითად უდგება მის წევრებს.

ჯანეზაშვილის განცხადებით, იყო შემთხვევები, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ერთვებოდნენ პოლიტიკურ დებატებში პოლიტიკოსებთან სოციალურ ქსელებშიც, რაზეც საბჭოს რეაგირება არ მოუხდენია.

„მხარი არ დავუჭირე ამ განცხადებას, ვინაიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მოუხდენია რეაგირება მაშინ, როცა მოსამართლეები, გაგახსენებთ ლევან მურუსიძეს, პოლიტიკურ დებატებში იყვნენ ჩართულები წინასაარჩევნოდ ძალიან აქტიურ პერიოდში. მათ ამ მიმართვას ფასი მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუ ისინი იქნებოდნენ ობიექტურები და სამართლიანები ყველასთან მიმართებაში,”- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

კითხვაზე, იუსტიციის საბჭოს მხრიდან რეაგირების შემთხვევაში, დაუჭერდა თუ არა მხარს ანა დოლიძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მსგავს დაშვებებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ვითარება არაორდინალურია.

„ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როცა ვხედავთ ძალიან დიდ დაპირისპირებას იუსტიციის საბჭოში. მოსამართლე წევრები ამით გამოირჩევიან და ჩემს მიმართ ყოფილა არაერთი მწვავე შეფასება, განცხადებები, ამიტომ ჩვენ ორდინალურ ვითარებაში არ ვიმყოფებით,”- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კანონი საბჭოს წევრის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას კრძალავს, თუმცა აქვე ამბობს, რომ მისი შესაფასებელი არ არის, რა წარმოადგენს პოლიტიკურ საქმიანობას.

„ეს უნდა შეაფასოს იმ სუბიექტმა, რომელმაც იგი დანიშნა. კანონი კრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას, ამიტომაც მე არ გამოვირჩევი ამით, რადგან ვუწესებ ჩემს თავს შეზღუდვებს. თუ გადავწყვეტ პოლიტიკაში წასვლას, აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას. ისე წავალ, რომ საბჭოში საქმიანობის პერიოდში არ ვიქნები პოლიტიკურ პროცესებში ჩართული,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მიმართვა გვრიტიშვილმა დღეს საბჭოს წევრებს გააცნო. ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები მხარს უჭერენ.

დატოვე კომენტარი