ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პროცედურული დარღვევებით წარიმართა
ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პროცედურული დარღვევებით წარიმართა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა პროცედურული დარღვევებით წარიმართა.

როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი გაუგებრობა პროცესში გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობას ეხება.

„ჩვენთვის გაუგებარია, გიორგი მიქაუტაძე თან მონაწილეობდა ამ პროცესში როგორც საბჭოს წევრი და თავმჯდომარე და თან პროცესში არ მონაწილეობდა. ასეთ რამეს კანონი არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, ის პროცედურა, როცა ორი მესამედით უნდა გადაწყვეტილიყო, ვინ წარედგინებოდა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის სტატუსით, ასევე დარღვევით ჩატარდა. ასეთი ფორმით ყუთებში ყველა ბიულეტენის ჩაყრას, შემდეგ ასეთი ფორმით დათვლას, დიმიტრი გვრიტიშვილის ინიციატივას, რომ გამოვიდა და დაეხმარა მიქაუტაძეს, ასეთ რამეს არ ითვალისწინებს კანონი“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი

რაც შეეხება შედეგებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ შვიდ ბიულეტენში იყო აბსოლუტური დამთხვევა, რაც ეჭვებს აჩენს, ხომ არ იყო კანდიდატების მხარდაჭერა წინასწარ შეთანხმებული.

კითხვაზე, პროცედურულ დარღვევაზე განაცხადი რატომ არ გააკეთა, ჯანეზაშვილი ამბობს, რომ საკითხი დააყენა.

„ვსაუბრობ იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო, განესაზღვრა კენჭისყრის პროცედურები. ასეთი რამ არც წინა ჯერზე გაუკეთებია და არც ამჯერად გააკეთა. ეუთო-მ თქვა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა. კენჭისყრის პროცედურები არ დაუდგენია უმაღლეს საბჭოს და დღესაც, როდესაც მიქაუტაძემ სრულიად კრეატიულად, იმპროვიზაციულად გადაწყვიტა, რომ ყველა ბიულეტენი ჩაეყარა ერთ ყუთში და ასე დაეთვალა შედეგები, კანონი ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. დავსვი კითხვა თავიდანვე და ვთქვი მოსაზრება, რომ ამას კანონი არ ითვალისწინებს“, – აცახადებს ჯანეზაშვილი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი შეარჩია. შერჩეული კანდიდატები არიან: ილონა თოდუა, ნინო სანდოძე, გიორგი ტყავაძე, გენადი მაკარიძე, პაატა სილაგაძე, თეა ძიმისტარაშვილი. კენჭისყრა ორ ეტაპად გაიმართა.