ნაზი ჯანეზაშვილი -  20 ივნისის აქციაზე დაკავებულების ადმინისტრაციული საქმეები მოსამართლეებმა შაბლონურად განიხილეს, რაც დამკვირვებლების მხრიდან ანალიზს საჭიროებს
ნაზი ჯანეზაშვილი - 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების ადმინისტრაციული საქმეები მოსამართლეებმა შაბლონურად განიხილეს, რაც დამკვირვებლების მხრიდან ანალიზს საჭიროებს

რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის აქციაზე დაკავებულების ადმინისტრაციული საქმეები მოსამართლეებმა შაბლონურად განიხილეს, რაც დამკვირვებლების მხრიდან შესაბამის ანალიზს საჭიროებს, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ დაკავებულების ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომელიც სხდომების ნაწილს დაესწრო.

როგორც ჯანეზაშვილი აცხადებს, 20 ივნისს დაკავებულების სასამართლო სხდომები, რომლებიც 22 ივნისს ჩატარდა და ნაწილის განხილვა დღესაც გრძელდება, დასაწყისში შაბლონურად – პატიმრობის გადაწყვეტილებებით მთავრდებოდა, შემდეგ კი, ვითარება რადიკალურად შეიცვალა და მოსამართლეები მსუბუქ სანქციებს იყენებდნენ, ამ ტენდენციას კი დამკვირვებლების მხრიდან შესწავლა და გაანალიზება სჭირდება.

ამასთან, ჯანეზაშვილის თქმით, სასამართლოში ბევრი ტექნიკური ხარვეზია, რის გამოც სხდომები ჭიანურდება.

ნაზი ჯანეზაშვილი აქციაზე დაკავებული კოკა კიღურაძის სხდომას იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთ წევრთან, ანა დოლიძესთან ერთად ესწრებოდა. კიღურაძეს, რომელსაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, მოსამართლემ სანქციის სახით, შენიშვნა გამოუცხადა.