ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს

ნავთობის იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებში არსებულმა რთულმა ვითარებამ საწვავის ფასი არაპროგნოზირებადი გახადა, თუმცა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ დეკემბერში, ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ გამყარდა, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი სტაბილურობას ინარჩუნებს.

„დეკემბერში ზოგიერთ ბრენდულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავი საშუალოდ 2-5 თეთრით გაიაფდა“, – ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

რაც შეეხება, საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს, 2019 წლის დეკემბერში ლონდონის სანავთობო ბირჟაზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი 62 დოლარიდან 68 დოლარამდე გაიზარდა. თუმცა იანვარში ნავთობის ფასმა შემცირება დაიწყო, დღეისთვის ბარელზე 64,5 დოლარს შეადგენს. კავშირში აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ ფასის ფორმირება ნავთობის იმპორტიორ და მწარმოებელ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.

„ნავთობის ფასზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორია ასევე „ოპეკი +“-ის შეთანხმება, რომელიც ყოველდღიური ნავთობის მოპოვების შემცირებას ითვალისწინებს. ეს შეთანხმება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ჩათვლით მოქმედებს“, – ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

დღეისთვის, საქართველოში ერთი ლიტრი რეგულარი ტიპის ბენზინი ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე 2,40-2,55 ლარი ღირს, პრემიუმი – 2,55-2,65 ლარი, ხოლო არაბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინი 15-20 თეთრით იაფია.