ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერით „ალჰაჯ ჯგუფი” დაინტერესდა
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერით „ალჰაჯ ჯგუფი” დაინტერესდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს „ალ-ჰაჯ ჯგუფის“ დელეგაცია ეწვია.

სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის თავმჯდომარე სენატორი ტაჯ მუჰჰამად აფრიდი სააგენტოს უფროსს, გიორგი ტატიშვილს შეხვდა, სენატორი საქართველოს ნახშირწყალბადების რესურსებითა და მიმდინარე ტენდერით დაინტერესდა. შეხვედრზე სააგენტოს ხელმძღვანელმა სტუმრებს საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. სენატორმა ხაზი გაუსვა მის დაინტერესებას საქართველოს ნახშირწყალბადების პოტენციალითა და მომავალში ორმხრივად თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „ალჰაჯ ჯგუფი“ პაკისტანის უმსხვილესი კონგლომერატია, რომელიც  ბიზნესის სხვადასხვა სფეროში ოპერირებს. კომპანია ფლობს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების რამდენიმე ლიცენზიას პაკისტანში, ასევე „შელ პაკისტანის“ სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს. გარდა ამისა, სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „აისაფის“ მისიასთან ავღანეთში.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ 2018 წლის 17 დეკემბერს კონკრეტულ სალიცენზიო ფართობებზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. განაცხადების მიღება დაწყებულია და ტენდერში გამარჯვებული 10 მარტს გახდება ცნობილი.