ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო - „ფრონტერას“ განცხადება ფაქტობრივი უზუსტობებისგან შედგება
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო - „ფრონტერას“ განცხადება ფაქტობრივი უზუსტობებისგან შედგება

კომპანია „ფრონტერას“ განცხადება მეტწილად ფაქტობრივი უზუსტობებისგან შედგება,- ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა განუცხადა.

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთვის კონტრაქტის დებულებების შესრულება ამომავალი მთავარი წერტილია. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მოკლებული ვართ დეტალების გამჟღავნების შესაძლებლობას იმ კონფიდენციალობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც „ფრონტერას“ მიერ არის მოთხოვნილი. ეს განცხადება ფაქტობრივი უზუსტობებით არის სავსე. ასევე, აუცილებელია აღნიშვნა, რომ სწორედ სადავო საკითხების გამო ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიმართა საერთაშორისო არბიტრაჟს. არბიტრაჟის გადაწყვეტილებას აპრილში ველოდებით“, – აღნიშნა ტატიშვილმა.

მისივე თქმით, „ფრონტერას“ დღევანდელ განცხადებაში არაფერი აქვს ნათქვამი თანამშრომლების 11 თვის დავალიანებაზე, რომელიც იმ პერიოდში დააგროვა, როდესაც ის ნავთობს მოიპოვებდა, ჰქონდა შემოსავლები, მაგრამ თანამშრომლებისთვის ხელფასების დავალიანება, როგორც ჩანს, პრიორიტეტული საკითხი არ იყო.

„კომაპნია „ფრონტერას“ ახლა ორი ლიცენზია აქვს. ერთი გაცემულია 1997 წელს, რომელიც შეეხება ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლების მინიჭებას. მეორე ლიცენზია რამდენიმე წლის წინ მიიღო. ეს ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზიაა. ორივე ლიცენზია აქვს და ორივე ლიცენზიის ფარგლებში მოქმედებს. ჩემთვის გაუგებარია, რა ნებართვების ან ლიცენზიების გაცემის შეზღუდვაზე საუბრობს თავის განცხადებაში“,- განაცხადა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა.

მისივე თქმით, ინვესტიციები მოცულობა ერთ-ერთი საკითხია, რომელიც არბიტრაჟში განიხილება.

„სახელმწიფოსა და „ფრონტერას“ ამაზე სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს. სახელმწიფომ მას რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია არ ჩაუთვალა, ვინაიდან ეს ინვესტიცია არ იყო ისე განხორციელებული, როგორც ამას კონტრაქტი მოითხოვს. „ფრონტერას“ თავისი რიცხვები აქვს, ჩვენ – ჩვენი. არბიტრაჟის გადაწყვეტილებას დაველოდებით. არბიტრაჟში რამოდენიმე მოთხოვნა გვაქვს დაყენებული. მათგან უმთავრესი სახელმწიფოსთვის იმ ტერიტორიის დაბრუნებაა, რომელსაც „ფრონტერა“ ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის არ იყენებს. ეს ტერიტორია სალიცენზიო ბლოკის დაახლოებით 99%-ია. ტერიტორია 2017 წელს უნდა დაებრუნებინა. მოტივი, რის გამოც „ფრონტერა“ არ აბრუნებს ტერიტორიას, არის ის, რომ, მისი აზრით, მას ამგვარი დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია. ჩვენთვის უცნაურია განცხადებები ამ ფონზე. როდესაც საქმე არის საერთაშორისოდ აღიარებულ არბიტრაჟშია, რომელსაც ჩვენ სრულიად ვენდობით“,-განაცხადა ტატიშვილმა.