ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ 2022 წელს შაჰ-დენიზის მილსადენი 20 მლრდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს და საქართველოს შეღავათიან ფასად მეტი ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა ექნება
2022 წლისთვის შაჰ-დენიზის მილსადენი 20 მლრდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ვინაიდან ამ მილსადენის მაქსიმალური დატვირთვა ჯერჯერობით 22 მლრდ კუბურ მეტრს აღწევს. შესაბამისად, საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა მომდევნო წელს აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტიდან კიდევ უფრო მეტ დაბალფასიან ბუნებრივ აირს მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განუცხადეს.
მაგალითად, თუ მიმდინარე წელს ჯამურად საქართველომ 1.014 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიიღო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1.500 კუბურ მეტრს მიაღწევს.
როგორც ცნობილია, საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ გარკვეულ სარგებელს იღებს. დღეისთვის საქართველო-აზერბაიჯანს შორის ორი ტიპის კონტრაქტი მოქმედებს – ოფციური გაზისა და დამატებითი გაზის. ოფციური გაზის კონტრაქტი საქართველოს საშუალებას აძლევს, ყოველწლიურად, სამხრეთ კავკასიურ მილსადენში გატარებული ბუნებრივი აირის 5% დაბალ ფასად შეისყიდოს. ეს კონტრაქტი 2066 წლამდეა ძალაში. დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტს კი ვადა 2026 წელს ეწურება, მანამდე ჩვენი ქვეყანა მისი საშუალებით, ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეღავათიან ფასად იღებს.
2024-2025 წლებში სამხრეთის დერეფნის მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა 30 მლრდ კუბურ მეტრამდე იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს იაფი გაზის მოცულობაც გაეზრდება.
სამხრეთის გაზის დერეფნის 3 500-კილომეტრიანი მილსადენი სათავეს სანგაჩალის ტერმინალიდან იღებს და მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი იტალიაა. თუმცა მანამდე, აზერბაიჯანულმა გაზმა საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიები, ასევე ადრიატიკის ზღვა უნდა გადაკვეთოს. იტალიიდან კი, აზერბაიჯანული გაზი ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში განაწილდება. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის როლი, როგორც ტრანზიტული ქვეყნისა სამხრეთის გაზის კორიდორში, საკმაოდ მნიშვნელოვანია.