სასაქონლო ბირჟაზე დღეს ამერიკულ ე.წ. ტეხასურ ნედლ ნავთობზე ფასმა 42 ცენტით მოიმატა, რაც წინა სავაჭრო სესიათან შედარებით, 0.8 პროცენტიანი ზრდაა და ერთი ბარელის ფასი 53 დოლარი დ 52 ცენტი გახდა.
ამერიკული ნავთობის ფასის ზრდა „ამერიკის პეტროლეუმის ინსტიტუტის“ ანგარიშმაც განაპირობა, რომელიც ქვეყანაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის სავაჭრო ასოციაციას წარმოადგენს და 650 კორპორაციას აერთიანებს.
ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ნავთობის მარაგები 8 თებერვლის მდგომარეობით, 998 ათასი ბარელით შემცირდა და 447.2 მილიონს შეადგენს. დარგის ანალიტკოსები ამ დროისთვის პირიქით 2.7 მილიონი ბარელით ზრდას პროგნოზირებდნენ.
0.8 პროცენტით (52 ცენტით) გაძვირდა საერთაშორისო ბრენტის ტიპის ნავთობიც და ფასმა ერთ ბარელზე 62 დოლარი და 94 ცენტი შეადგინა.
ნავთობის ფასმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს „ოპეკმა“ განაცხადა, რომ დღიური წარმოება 2019 წლის იანვარში 800 ათასი ბარელით შეამცირა და დღეში 30.81 მილიონ ბარელს აწარმოებს. ფასის ზრდას „ოპეკის“ წევრ ქვეყანა ვენესუელაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიც უწყობს ხელს. თანაც, ვენესუელას ნავთობის სახელმწიფო კომპანიას ვაშინგტონმა წლის დასაწყისში ნავთობის ექსპორტზე სანქციები დაუწესა.
მიუხედავად ვაშინგტონსა და კარაკასს შორის პოლიტიკური განხეთქილებისა, ნავთობის გადამამუშავებელი ამერიკული კომპანიები ვენესუელას ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მყიდველები იყვნენ. სანქციების გამო, ვენესუელამ ამერიკელი კლიენტები დაკარგა და მათი ჩანაცვლება ვერ მოახერხა.
ვენესუელას შემდეგ ნავთობის ალტერნატიული მიმწოდებელი ვერც ამერიკულმა ნავთობ-გადამამუშავებლებმა იპოვეს და ქვეყანაში ნავთობის წარმოება სწრაფად მცირდება.
მიუხედავად „ოპეკის“ წარმოების შემცირებისა და ვენესუელას კრიზისისა, ანალიტიკოსების პროგნოზით, გლობალურ ბაზარს მიწოდების პრობლემა არ ექნება, რადგან ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნის გამო, ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა.