ნატო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი - ყურადღებით ვეპყრობით და უფრო მეტ ძალისხმევას მივმართავთ საქართველოსკენ
ყურადღებით ვეპყრობით და უფრო მეტ ძალისხმევას მივმართავთ საქართველოსკენ, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, კეი ბეილი ჰაჩისონმა ონლაინ პრესკონფერენციის დროს საქართველოს პირველი არხის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
საქართველოს პირველი არხი დაინტერესდა, არის თუ არა ნატო-ს ასპირანტი ქვეყნების, კერძოდ საქართველოს მომავლის საკითხი თავდაცვის მინისტერიალის დღის წესრიგში და როგორ აფასებს საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის ძალისხმევას.
„ჩვენ გვაქვს ღია კარის პოლიტიკა და როგორც ყველამ იცის, ცოტა ხნის წინ მივიღეთ ჩრდილოეთ მაკედონია. ასევე, მივანიჭეთ უკრაინას გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი, რომელიც საქართველოს უკვე გააჩნია.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვეპყრობით და უფრო მეტ ძალისხმევას მივმართავთ საქართველოსა და უკრაინისკენ.
იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ორივე ქვეყანა რუსეთის აგრესიის წინაშე დგას. რუსეთი ცდილობს, უკანონოდ წაართვას საქართველოსა და უკრაინის ნაწილები. ნატო მტკიცედ დგას ამ ორი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – აცხადებს კეი ბეილი ჰაჩისონი.