ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება
ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება, – ასე უპასუხა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა საქართველოს პირველი არხის მიერ დასმულ კითხვას.

კითხვა შეეხებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „რუსეთის სურვილია, მადრიდის სამიტზე მოისმინონ, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები“.

როგორც ჯულიან სმიტმა აღნიშნა, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე მოლაპარაკებები არ იქნება და დღევანდელი სახით შენარჩუნდება.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტი იყო ღონისძიება, სადაც ალიანსმა ძალიან მტკიცედ განაცხადა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით და კონკრეტულად საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით გაფართოებაზე. რადგან ეს ეხება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მომავალს, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე მოლაპარაკებები არ იქნება და ის იმ სახით შენარჩუნდება, როგორც დღეს არის“, – განაცხადა სმიტმა.