ნატო-ში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ევროპელ მოკავშირეებს მხარს უჭერს - „ერთად უნდა აღვადგინოთ კოლექტიური ძალა, ჩავდოთ ინვესტიცია თავდაცვაში და უზრუნველვყოთ საერთო მომავალი“
ნატო-ში აშშ-ის ელჩის, მეთიუ უიტაკერის განცხადებით, შეერთებული შტატები ევროპას არ ტოვებს და მოკავშირეებს მხარს უჭერს, თუმცა, უიტაკერის თქმით, ახალ ეპოქაში ევროპამ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ თავდაცვაზე.
„ჩვენ ერთად უნდა აღვადგინოთ კოლექტიური ძალა, ინვესტიცია ჩავდოთ თავდაცვაში და უზრუნველვყოთ ჩვენი საერთო მომავალი“, – აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.
მისივე განმარტებით, არც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და არც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს არ უთქვამთ, რომ შეერთებული შტატები ევროპას ტოვებს.
„არიან ქვეყნები, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ – პოლონეთი, ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნები, ასევე გერმანია. ისინი რეალურად წინ მიდიან, მაგრამ გვჭირდება, რომ ყველა ასე მოიქცეს, რადგან ევროპამ ევროპის კონტინენტზე თავდაცვა თავად უნდა უზრუნველყოს. შეერთებული შტატები აქ დარჩება, მაგრამ გვაქვს უფრო დიდი საკითხები – ჩინეთის გაძლიერება, ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ეს დიდი სამყაროა“, – აღნიშნა მეთიუ უიტაკერმა.