ნატო-ში აცხადებენ, რომ ალიანსის ქვეყნები განათავსებენ ფრეგატებს, საპატრულო თვითმფრინავებს და საზღვაო უპილოტო თვითმფრინავებს ბალტიის ზღვაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად
ნატო-ს ქვეყნები განათავსებენ ფრეგატებს, საპატრულო თვითმფრინავებს და საზღვაო უპილოტო თვითმფრინავებს ბალტიის ზღვაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.
ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ნატო-ს წევრების გადაწყვეტილებით, ალიანსი იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც შესაძლოა, საფრთხეს ქმნიდნენ. ნატო-ს ალიანსი ახორციელებს ქმედებებს, სახელწოდებით „ბალტიის მცველი“, მთელი რიგი ინციდენტების საპასუხოდ, როდესაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაზიანდა დენის კაბელები, ტელეკომუნაკაციის კავშირები და გაზსადენები.
ფინეთის პოლიციამ გასულ თვეში დააკავა ტანკერი, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა. ფინეთში აცხადებენ, რომ გემმა დააზიანა ფინურ-ესტონური ელექტროგადამცემი ხაზი და ოთხი სატელეკომუნიკაციო კაბელი ზღვის ფსკერზე ღუზის ჩაშვებით.
„ჩვენი ინფრასტრუქტურის დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არა მხოლოდ გადამწყვეტია ენერგომომარაგებისთვის, რომელიც არის ელექტროკაბელებიდან ან მილსადენებიდან, არამედ ინტერნეტტრაფიკის 95 პროცენტზე მეტი დაცულია წყალქვეშა კაბელების საშუალებით, და 1.3 მილიონკილომეტრიანი კაბელები ყოველდღიურად 10 ტრილიონი დოლარის ღირებულების ფინანსური ტრანზაქციების გარანტიას იძლევა. დღეს შემიძლია, განვაცხადო, რომ ნატო იწყებს „ბალტიის მცველს“, ნატო-ს მოკავშირეთა უმაღლესი მეთაურის, გენერალ კრის კავოლის ხელმძღვანელობით. ეს სამხედრო აქტივობა არის ჩვენი მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, რათა გავაძლიეროთ საზღვაო პოზიციები და ჩვენი ალიანსის ძირითადი ტერიტორიების მონიტორინგი. გემის კაპიტნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენს ინფრასტრუქტურაზე პოტენციურ საფრთხეებს მოჰყვება შედეგები, მათ შორის შესაძლო აბორდაჟი, დაყადაღება და დაპატიმრება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.