ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიიის სხდომაზე უკრაინული მხარე შავ ზღვაში პატრულირების აუცილებლობის საკითხს დააყენებს
ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიიის სხდომაზე უკრაინული მხარე შავ ზღვაში პატრულირების აუცილებლობის საკითხს დააყენებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ განაცხადა.
უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, შავ ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების პატრულირება უკვე დიდი ხანია ალიანსის შიდა დისკუსიის საკითხია.
„ნატო-ს წევრი ქვეყნების ნაწილი ახორციელებს შავი ზღვის თავზე საჰაერო პატრულირებას, თუმცა მე ვიცი, რომ ალიანსის ზოგიერთი ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების პატრულირებასაც. აღსანიშნავია, რომ საქართველომ და უკრაინამ ადრე გამოთქვეს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო პატრულირებაში“, – აღნიშნა კლიმპუშ-ცინცაძემ.
ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის სხდომა 4-5 დეკემბერს დაგეგმილ ნატო-ს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება.
„შეხვედრაზე, ჩვენი მინისტრი კიდევ ერთხელ მიაწვდის ჩვენს პარტნიორებს ინფორმაციას 25 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ და იმაზე, თუ რა ხდება ამჟამად, კერძოდ, რუსეთის მიერ აზოვის ზღვის უკრაინულ პორტებში ხომალდებისთვის შესვლის ბლოკირებაზე, ჩვენი ხომალდების დაკავებაზე და იმაზე, თუ როგორ ექცევიან ისინი დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს“, – განაცხადა კლიმპუშ-ცინცაძემ.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა რუსეთის მიერ დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს სამხედრო ტყვეები უწოდა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნატო-ს მოუწოდა, აზოვის ზღვაში რამდენიმე ხომალდი გაგზავნოს, რათა უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმაროს. აღნიშნული განცხადება პეტრო პოროშენკომ მას შემდეგ გააკეთა, რაც 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, დაშავდა რამდენიმე უკრაინელი მეზღვაური. რუსეთმა სამი უკრაინული ხომალდი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავა.
ქერჩის სრუტესთან განვითარებული მოვლენების შემდეგ უკრაინამ 30-დღიანი საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.