ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს
ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს

ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა.

ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ავღანეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს და ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო შეშფოთებას გამოთქვამს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან დაკავშირებით და პასუხისმგებელ მხარეს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების უმთავრესი მიზანი ავღანეთში მყოფი მათი პარტნიორი სახელმწიფოების და რისკის ქვეშ მყოფი ავღანეთის მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციაა.

გარდა ამისა, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ავღანეთის ყველა მხარეს, ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების რეალური ჩართულობით, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებენ.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, ნატო-მ შეწყვიტა ავღანეთის ხელისუფლების მხარდაჭერა და ნებისმიერ მომავალ მთავრობას ავღანეთის მიერ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების, ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდა.

ამასთან, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ არ მოითმენენ ტერორისტების მხრიდან მუქარას და იბრძოლებენ მათ წინააღმდეგ.