ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ლიეტუვას ეწვევა
ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ლიეტუვას ეწვევა

2023 წლის 11-12 ივლისს ვილნიუსში ნატო-ს სამიტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელშიც ასევე მონაწილეობენ შვედეთის (ალიანსში მიწვეული ქვეყნის სტატუსით), ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები.

„სამიტზე მიღებული იქნება დასკვნითი დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და პერსპექტივები. სამიტზე ასევე დადასტურებული იქნება ალიანსის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერასა და ნატო-ს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ პრიორიტეტულობას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.