ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა ევროატლანტიკური სივრცის თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა დაამტკიცეს
ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა ევროატლანტიკური სივრცის თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა დაამტკიცეს

ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა ევროატლანტიკური სივრცის თავდაცვის ყოვლისმომცველი გეგმა დაამტკიცეს, – ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალზე გააკეთა.

„დღეს მინისტრებმა დაამტკიცეს ახალი ყოვლისმომცველი გეგმა, რათა დავიცვათ ჩვენი ალიანსი კრიზისებისა და კონფლიქტების დროს, რათა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ნატო-ს ჰყავს საჭირო სამხედრო ძალები საჭირო ადგილას და დროს. ჩვენ უნდა დავიცვათ ერთი მილიარდი მოქალაქე ყველა საფრთხისგან“, –  განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრებმა შეათანხმეს „ძალებისა და შესაძლებლობების სამიზნე მაჩვენებლები, რაც სამხედრო გეგმის შედგენის პროცესის ნაწილია“.

მინისტრებმა ასევე განიხილეს რუსეთის ახალი სარაკეტო სისტემებიდან მომდინარე საფრთხეები.

„ჩვენ არ გავიმეორებთ რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებს და ახლა ბირთვულ რაკეტებს არ განვათავსებთ ევროპაში. ჩვენ ავამოქმედებთ დაბალანსებულ გეოპოლიტიკურ და სამხედრო ზომებს, რათა საფრთხეებს შესაბამისი პასუხი გავცეთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ასეთ ზომებად იენს სტოლტენბერგმა დაასახელა ნატო-ს საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის გაუმჯობესება, კონვენციური შესაძლებლობების განმტკიცება მეხუთე თაობის თვითმფრინავებით, წვრთნებისა და დაზვერვის ადაპტაცია, ნატო-ს ბირთვული შეკავების ეფექტურობისა და მზადყოფნის ამაღლება.

დატოვე კომენტარი