ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ერაყში ალიანსის საწვრთნელი მისიის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ერაყში ალიანსის საწვრთნელი მისიის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

ნატო-ს თავდაცვის მინისტრები ერაყში ალიანსის საწვრთნელი მისიის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი გადაწყვეტილება მათ ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალზე მიიღეს.

როგორც მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ერაყის მისია უპირველეს ყოვლისა მოიცავს გლობალური კოალიციის მიმდინარე საწვრთნელ აქტივობებს. ამას გარდა, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეისწავლიან, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი დამატებით ერაყში საწვრთნელი მისიის გასაძლიერებლად.

ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო პატივს სცემს ერაყის სუვერენიტეტს და ქვეყანაში დარჩება მხოლოდ ერაყის ხელისუფლების ნებართვის საფუძველზე.

„ნატო ერაყში წარმოდგენილია ერაყის მთავრობის მოწვევით. ჩვენ ერაყში დავრჩებით, ვიდრე ჩვენ იქ გვესალმებიან, რადგან ნატო პატივს სცემს ერაყის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა ჩვენი ქმედება განხორციელდება ერაყის მთავრობასთან მჭიდრო კონსულტაციითა და კოორდინაციით. მჭიდრო კონტაქტს ვინარჩუნებთ ერაყის ხელისუფლებასთან. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული მოლაპარაკებები ერაყში ნატო-ს მისიის მომავალზე. ჩვენი მიზანია ერაყის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდა, რომ მათ აღარ დასჭირდეთ ჩვენი მხარდაჭერა. მზად ვართ, ერთად ვებრძოლოთ ტერორიზმს და უზრუნველვყოთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ არასდროს დაბრუნდეს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრებმა იმსჯელეს, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი დამატებით ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს ახლო აღმოსავლეთში გააქტიურებისკენ მოუწოდა.

დატოვე კომენტარი