ნატო-ს წარმომადგენელი - ერთ-ერთი მიზეზი, რატომ დასჭირდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ამდენი დრო, არის მოლაპარაკებები რეგიონის აქტორებთან
უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ, რომ ნებისმიერ რეგიონში საჭიროა, შეინარჩუნო ბალანსი და კომფორტი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ რეგიონს წარმოადგენენ,- ამის შესახებ ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურმა, კლაივ ჯონსთოუნმა „მოამბის” შეკითხვის პასუხად განაცხადა.
შეკითხვა ნატო-საქართველოს ურთიერთობების გამო, გრიგორი კარასინის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას უკავშირდებოდა.
ნატო-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დასჭირდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ამდენი დრო, ესაა მოლაპარაკებები ხალხთან და რეგიონის აქტორებთან.
„ნატო ყოველთვის მოქმედებს როგორც თავდაცვითი ორგანიზაცია და ამიტომაც ვართ ბოლომდე გამჭვირვალეები ჩვენს საქმიანობაში. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დასჭირდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ამდენი დრო, ესაა მოლაპარაკებები, რასაც ვაწარმოებთ ხალხთან, რეგიონის აქტორებთან, რათა მათთვის მისაღები იყოს ჩვენი ნაბიჯები“,- განაცხადა კლაივ ჯონსთოუნმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნატო-ს წარმომადგენლის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით დიდ წარმატებას მიაღწია, რაც დიდი შრომისა და მოლაპარაკებების შედეგია.
„საქართველომ ნამდვილად უნდა იამაყოს საკუთარი შედეგებით, იმისგან დამოუკიდებლად, იგი ახლოსაა ნატო-სთან თუ რუსეთთან. ეს უბრალოდ ძალიან დიდი ნაბიჯია ქვეყნისთვის. მივესალმები და როგორც საქართველოს მეგობარი, დავეხმარები ამ გზაზე, იქნება ეს ნატო-სთან ერთად, თუ ყველას გარეშე. ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია” ,- განაცხადა კლაივ ჯონსთოუნმა.
კლაივ ჯონსთოუნი საქართველოში აპრილში, შავ ზღვაზე დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით იმყოფება.
ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, რომელსაც რუსეთი პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს, კომენტარი გააკეთა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელმა, როსარია პუგლისმა.
„რასაც საქართველოში ვაკეთებთ, ესაა თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. აქ აგრესიულ უნარებს არ ვამაღლებთ. საქართველოს აქვს უფლება გაძლიერდეს, უკეთ დაიცვას საკუთარი ხალხი საკუთარ ტერიტორიაზე და სწორედ ამაში ვეხმარებით მას”, – როსარია პუგლისმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და მის ტერიტორიაზე ნატო-ს მასშტაბური სწავლებების ჩატარება, რუსეთთან ურთიერთობების განვითარების პროცესს ხელს უშლის