ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია თურქეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია თურქეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

აშშ-ის ოჰაიოს შტატ ქალაქ დეიტონში, სადაც 22-26 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის საგაზაფხულო სესია იმართება, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური შეხვედრა გამართა თურქეთის საპარლამენტო დელეგაციასთან, რომელსაც მევლუდ ჩავოშუღლუ ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების რიგი გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე ორმხრივი და მრავალმხრივი საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში პარტნიორობის გაგრძელების აუცილებლობას.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისათვის. ასეთი ტიპის შეხვედრები კიდევ ერთხელ აჩვენებს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის გაღრმავებულ საპარლამენტო დიპლომატიას.

მევლუდ ჩავოშუღლუმ თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრები: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.