ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას პირობები ოპოზიციასთან დიალოგის გასაახლებლად
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას პირობები ოპოზიციასთან დიალოგის გასაახლებლად

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ატილა მესტერჰაზი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანებისკენ.

ატილა მესტერჰაზი ქვეყანაში მომავალი საპარლამენტო არჩევნების საკითხს ეხება და აცხადებს, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, აჩვენოს საკუთარი ვალდებულება ნატო-ს ფასეულობების მიმართ.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს მისწრაფებას ნატო-ში გაწევრიანებისკენ და მხარს უჭერს მას ამ გზაზე, კერძოდ, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო დიალოგითა და აქტიური თანამშრომლობით.

ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ ნატო ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას. ამ პრინციპებისადმი პატივისცემა, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, გაწევრიანების პროცესის განუყოფელ ნაწილია. მომავალი საპარლამენტო არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის აჩვენოს მისი ვალდებულება ამ ფასეულობების მიმართ. ვწუხვარ, რომ 2020 წელს სრულად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირება გასულ ნოემბერს დაირღვა. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის“, – აცხადებს ატილა მესტერჰაზი.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას პირობები ოპოზიციასთან დიალოგის გასაახლებლად.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი დადგენილება ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეში, ბადებს კითხვებსა და შეშფოთებას. ვშიშობ, დადგენილებასთან დაკავშირებული გარემოებები, კიდევ უფრო აძლიერებს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობას და რისკის ქვეშ აყენებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას შექმნას პირობები დიალოგის გასაახლებლად უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ქართველი ხალხის ნდობის აღსადგენად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

ყველაფერს გავაკეთებ, რათა უზრუნველვყო, რომ ასამბლეამ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ველი ბოლოდროინდელი მოვლენების განხილვას ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე“, – აცხადებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.