ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - 31 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა დემოკრატიისადმი გულმხურვალე ერთგულება
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - 31 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა დემოკრატიისადმი გულმხურვალე ერთგულება

ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რისკებისა, მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს დემოკრატიისადმი თავიანთი გულმხურვალე ერთგულება, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ატილა მესტერჰაზის განცხადებაში, რომელიც მან საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასა როგორც კონკურენტული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ძირითადი თავისუფლებები, საერთო ჯამში, დაცული იყო, როგორც კამპანიის პერიოდში, ისე არჩევნების დღეს.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი განცხადებაში საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ გამოვლენილ ხარვეზებზეც გამოთქვამს შეშფოთებას.

მისი თქმით, როგორც საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ისე არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა ხარვეზებმა ნეგატიურად იმოქმედა საარჩევნო პროცესის გარკვეულ მონაკვეთებთან მიმართებაში საზოგადოებრივ ნდობაზე.

ატილა მესტერჰაზი მოუწოდებს ხელისუფლებას მთელი სიმკაცრით, გამჭვირვალედ და სამართლიანად გამოიძიოს და აღმოფხვრას ყველა ინციდენტი. ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჩივარი არსებული შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით უნდა გადაწყდეს.

„არჩევნების მეორე ტური გაიმართება 21 ნოემბერს, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც პირველი ტურის ფარგლებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების უმრავლესობა. მივმართავ ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას უზრუნველყონ, რომ აღნიშნულ დღეს აღარ განმეორდეს ამომრჩეველთა დაშინების ფაქტები და სხვა ნეგატიური პრაქტიკა, რასაც ადგილი ჰქონდა პირველი ტურის განმავლობაში. მე ასევე მოვუწოდებ მათ, შეასრულონ პირველ ტურთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებელთა რეკომენდაციები და მეორე ტურში გაზარდონ ტრანსპარენტულობისა და მომავალი საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ხარისხი.

ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს მივმართავ თხოვნით, მომდევნო კვირების განმავლობაში იმოქმედონ პასუხისმგებლობის გრძნობით და თავშეკავებით. ასევე მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება მალე განაახლონ დიალოგი მათ შორის არსებული უთანხმოებების მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადაწყვეტის მიზნით.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ქვეყნის სწრაფვას. დემოკრატია როგორც ნატოს, ისე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფუძემდებლური პრინციპია. შესაბამისად, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების დაცვა წარმოადგენს მოთხოვნას საქართველოსთვის ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ატილა მესტერჰაზის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან და ეუთო/ოდირთან ერთად. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვიცე-პრეზიდენტი ასკინ ბაკი (თურქეთი) და მის შემადგენლობაში შედიოდა ოთხი მოკავშირე ქვეყნის ათი წარმომადგენელი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.