ნატო-ს სამხედრო წვრთნების დროს GPS-ის შეფერხებაზე ნორვეგია პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
ნატო-ს სამხედრო წვრთნების დროს GPS-ის შეფერხებაზე ნორვეგია პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

ნატო-ს სამხედრო წვრთნების დროს გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემის (GPS) შეფერხებაზე ნორვეგია პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, GPS-ის სისტემაში ხარვეზები 16 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე აღინიშნა და მისი გენერირება რუსულმა ძალებმა კოლის ნახევრკუნძულიდან მოახდინეს.

აღნიშნული საკითხი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს უკვე წარუდგინა.

ნორვეგიული გამოცემა Dagbladet-ი წერს, რომ ხარვეზებს ინციდენტი არ გამოუწვევია, თუმცა ჩარევა იმდენად სერიოზული იყო, რომ მფრინავები GPS-ის სუსტ სიგნალს იღებდნენ, ზოგ შემთხვევაში კი, სიგნალი საერთოდ წყდებოდა. სამხედრო მფრინავები პარალელურად ნავიგაციის სახმელეთო სისტემას იყენებდნენ. აღნიშნულ ვითარებაზე საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ კიბერსივრცეში თავდასხმის მეთოდები სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საკითხს სრული სერიოზულობით უდგება. თანამგზავრული ნავიგაციის სისტემის შეფერხებაში რუსეთის პასუხისმგებლობა არ გამორიცხა ფინეთის პრემიერ-მინისტრმაც.