ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - ალიანსის პოლიტიკურ და სამხედრო ინტერესებშია უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპე კავო დრაგონე უკრაინაში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შეხვდა.
ზელენსკის განცხადებით, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელთან ერთად მან მოინახულა უკრაინის თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმო, განიხილა მასთან „რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრისთვის მზადება, ალიანსის წევრი-სახელმწიფოებისგან სამხედრო დახმარების გაგრძელება და დრონების წარმოებაში პირდაპირი ინვესტიციები.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დრაგონეს, რომ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პირველი ვიზიტით სწორედ უკრაინაში ჩავიდა.
დრაგონესთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს სირსკიც.
„ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისგან დახმარების გაგრძელება ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია ჩვენი სტრატეგიის საერთო წარმატებისთვის. ამასთან დაკავშირებით, ადმირალ დრაგონეს მივმართე თხოვნით, ალიანსის ქვეყნების შეიარაღებული ძალების მთავარსარდლებთან ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე დააყენოს საკითხი თავიანთი ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ კონსოლიდირებული სამხედრო მხარდაჭერის შენარჩუნება ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი საერთო მიზანი 2025 წელს“, – განაცხადა სირსკიმ.
თავის მხრივ, დრაგონემ აღნიშნა, რომ უკრაინა ნატო-ს პრიორიტეტების ავანგარდში რჩება.
„ალიანსის პოლიტიკურ და სამხედრო ინტერესებშია უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ ახლა, არამედ მომავალშიც… თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევი დარჩება. ერთად შესაძლებელია უკრაინის დაყენება ყველაზე ძლიერ შესაძლო პოზიციაზე სამომავლო მოქმედებებისთვის“, – თქვა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.