ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - ალიანსი ელოდება, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში სამხედრო ძალებს გააძლიერებს, ამას ჩვენი შესაძლებლობების განვითარებით დავუპირისპირდებით
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - ალიანსი ელოდება, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში სამხედრო ძალებს გააძლიერებს, ამას ჩვენი შესაძლებლობების განვითარებით დავუპირისპირდებით

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ელოდება, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში სამხედრო ძალებს გააძლიერებს, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსი ამას შესაძლებლობების განვითარებით დაუპირისპირდება.

„ველოდებით რუსული სამხედრო მანქანის შემდგომ გაძლიერებას. ამას დავუპირისპირდებით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებით – ყველაფრით, რისი შეძენაც ახლო და გრძელვადიან პერსპექტივაში გვაქვს დაგეგმილი. ეს პირდაპირ კავშირშია საფრთხეების ხასიათთან.  რა თქმა უნდა, ნატო-სთვის საფრთხეებია რუსეთი და ტერორისტული დაჯგუფებები“, – განაცხადა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ნომერ პირველი საფრთხე, დრაგონემ განაცხადა: „რუსეთი პირველი ნომერია. როგორც ჩანს, ეს ახლახან თავად დაადასტურეს. შეიძლება ველოდოთ, რომ რუსეთი შეეცდება, დაიბრუნოს ის, რაც ადრე ჰქონდა“.

ჯუზეპე კავო დრაგონემ დააზუსტა, რომ ის საბჭოთა კავშირის დაშლამდე არსებულ „გავლენის სფეროზე“ საუბრობს და არამხოლოდ ბალტიის ქვეყნებზე.