14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელით მომზადდა განცხადება, რომელსაც დღეს დეპუტატები მოაწერენ ხელს.
საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიები ერთიანი არიან საქართველოს ნატო-ში გაწევრების მხარდაჭერაში.
„ჩვენ, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი, ქვევით ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები:
ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს ეროვნული ინტერესებითა და საქართველოს კონსტიტუციით;
ვადასტურებთ რა 2020 წლის 29 დეკემბერს მიღებულ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“;
ვემხრობით რა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პრინციპებს;
სრულად ვიზიარებთ რა იმ ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია;
ვითვალისწინებთ რა, რომ კოლექტიური თავდაცვისადმი ნატოს წევრი ქვეყნების თანმიმდევრულმა მიდგომამ უზრუნველყო ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა;
აღვნიშნავთ რა, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიულ გარდაქმნაში;
ვითვალისწინებთ რა ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი;
აღვნიშნავთ რა, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ახორციელებს პროგრესს ნატო-სთან სრული თავსებადობის მისაღწევად;
ვითვალისწინებთ რა, რომ ნატო-ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმღები, არამედ მის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი,
ერთიანი ვართ საქართველოს ნატო-ში გაწევრების მხარდაჭერაში და ვაცხადებთ შემდეგს:
1. ერთხმად ვადასტურებთ, რომ ნატოს წევრობა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ინტერესი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას.
2. გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მედეგობა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობა, აგრეთვე მოემზადოს ნატოს წევრობისთვის.
3. მოვუწოდებთ ნატო-ს და მის წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა, ვინაიდან ქვეყანა ემზადება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მიერ ერთობლივად შეთანხმებული, დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გამიზნული, ამბიციური რეფორმების განხორციელებისთვის, ასევე უზრუნველყონ უფრო მტკიცე დახმარების გაწევა და გამოცდილების გაზიარება მზარდი და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
4. ხაზგასმით აღვნიშნავთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ბოლო წლების განმავლობაში ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო საგრძნობლად გაუარესდა. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონის ქვეყნების დემოკრატიებს. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონში ნატოს ჩართულობა, როგორც მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტაბილიზებელი ფაქტორი, უწინდელზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენს.
5. მივესალმებით ამბიციურ ანგარიშს „ნატო 2030: გაერთიანებულები ახალი ეპოქისათვის“ და გამოვთქვამთ იმედს, რომ ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია სათანადოდ ასახავს ამ მოხსენების რეკომენდაციებს ღია კარის პოლიტიკის, შავი ზღვის შესახებ ნატოს ხედვისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი როლის თაობაზე.
6. გამოვხატავთ საერთო ერთგულებას უფრო ძლიერი ნატოსადმი, რომელიც მოქმედებს თავისუფლებისმოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს, მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დასაცავად.
7. ხაზგასმით აღვნიშნავთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დასაახლოებლად. საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა, ნატოს წევრობის მოსურნე ქვეყნების ნატოში გაწევრება გაამყარებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, შეაჩერებს პოტენციურ აგრესორებს და დაგვაახლოებს „ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპასთან“.
8. გვჯერა, რომ ნატოს ბრიუსელის სამიტი იძლევა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის დაფიქსირების შესაძლებლობას. ვინაიდან საქართველო არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ სამიტზე, ნატოში ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ეს ერთობლივი განცხადება მიიღონ, როგორც საქართველოს ნატო-ში გაწევრების მკაფიო მრავალპარტიული მხარდაჭერა.
9. გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატო-ში უფრო ღრმა ინტეგრაციას და საბოლოო წევრობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.