ნატო-ს კომუნიკე - მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება, შეწყვიტოს უკანონო დაკავებები, საქართველოს მოქალაქეების შევიწროება
ნატო-ს კომუნიკე - მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება, შეწყვიტოს უკანონო დაკავებები, საქართველოს მოქალაქეების შევიწროება

ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები, რომლებიც დისლოცირებული ჰყავს სამივე ქვეყანაში მათი ნებართვის გარეშე.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ბოლო მოუღოს ამ რეგიონების მილიტარიზაციას და ძალისმიერ მცდელობას, დააშოროს ეს რეგიონები დანარჩენ საქართველოს, რასაც რუსეთი აგრძელებს საზღვრის მსგავსი ბარიერების მშენებლობის გზით. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისადმი“, – ნათქვამია ნატო-ს კომუნიკეში.