ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობებზე არის საუბარი
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობებზე არის საუბარი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, რომელშიც საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობებზეც არის საუბარი.

ანგარიში 2020 წლის განმავლობაში ნატო-ს მუშაობასა და მიღწევებს ეხება. დოკუმენტის თანახმად, მოკავშირეები კვლავ მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში საბოლოო წევრობას, რაც შეესაბამება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობა გრძელდებოდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და საქართველოს ნატო-ს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად.

„არსებული კომპლექსური ინიციატივების გარდა, ნატო და საქართველო მუშაობდნენ ერთად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი განსაახლებლად, რათა ის ექციათ უფრო მეტად ამბიციურ, თანმიმდევრულ და უფრო მიზნობრივ პაკეტად, რომელიც უკეთესად ასახავს, როგორც საქართველოს, ისე ალიანსის პრიორიტეტს. განახლებული პაკეტი სულ 16 ინიციატივას მოიცავს, რაც სამით მეტია, ვიდრე წინაში. ახალ ინიციატივებს შორისაა სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, ინგლისური ენის უნარების განვითარება, ასევე სტანდარტიზაციასა და კოდიფიკაციას. განახლებული პაკეტი ითვალისწინებს საქართველოსადმი გაძლიერებულ მხარდაჭერას, მათ შორის, კიბერლაბორატორიის განვითარებას, საქართველოსა და ნატო-ს შორის უსაფრთხო კავშირის დამყარებას, სამხედრო ინჟინრების წვრთნას, საზღვაო და საჰაერო სივრცის შესახებ ცნობიერების ამაღლებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის პროექტების ფარგლებში, მოკავშირეებმა დააფინანსეს განათლება და ტრენინგები, მათ შორის, საქართველოს სამხედრო პოლიციისთვის, ასევე სწავლება და აღჭურვილობა. ამასთან, ნოემბერში პოლონეთში მდებარე ნატო-ს ერთობლივი ძალების საწვრთნელმა ცენტრმა და საქართველოში მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა გააფორმეს თანამშრომლობის შეთანხმება. დამატებით, ნატო-ს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულმა ბატალიონმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც საქართველოს სამხედრო პოლიციის განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„საქართველო განაგრძობს ნატო-ს ოპერაციებსა და მისიების, მათ შორის, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და ოპერაცია „ზღვის მცველის“ მნიშვნელოვან მხარდაჭერას. საქართველოს ასევე წვლილი შეაქვს ნატო-ს რეაგირების ძალებში“, – აღნიშნულია ალიანსის ყოველწლიურ ანგარიშში.