მაკა ბოჭორიშვილი – მოსმენის რეჟიმში ყოფნა არ არის ჩვენთვის მისაღები, შეხვედრაში თუ მონაწილეობა უნდა მიიღო, უნდა შეგეძლოს პოზიციების გაჟღერება, წვლილის შეტანა, მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება დაკავშირებადობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს მიწვევის საკითხს და განმარტა, თუ რატომ არის მიუღებელი საქართველოსთვის არასათანადო დონეზე მონაწილეობა.
მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოწვევასთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი ხდება, რაც საქართველოსთვის მიუღებელია. მისი თქმით, ევროკავშირთან დღის წესრიგში არსებული საკითხები სერიოზულ და შინაარსობრივ განხილვას საჭიროებს.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები არ არის სპეკულაციების საგანი და ის საკითხები, რომლებიც დგას დღის წესრიგში და პარტნიორებს შორის უნდა იდგეს, უნდა იყოს სერიოზულად განხილული და ნამდვილად არასერიოზულია, როდესაც შეხვედრაზე, ერთი მხრივ, ვითომ ხდება დაპატიჟება თუ მიწვევა ქვეყნის და მეორე მხრივ, მიწვევა ხდება იმგვარად, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღონ იმ ადამიანებმა, ან იმ დონეზე არ იყოს შეხვედრაში მონაწილეობა, რა დონეზეც შეხვედრა იმართება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოსთვის გამოგზავნილი მოწვევა არ შეესაბამებოდა შეხვედრის პოლიტიკურ დონესა და ფორმატს. მისი განმარტებით, პოლიტიკური შეხვედრის მნიშვნელობა და შედეგიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული შესაბამის წარმომადგენლობით დონესთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განსახილველი საკითხები პოლიტიკური ხასიათისაა.
„პოლიტიკურ შეხვედრაზე და ნებისმიერ სხვა დონეზე ასეთ დროს მოსმენის რეჟიმში ყოფნა ნამდვილად არ არის ჩვენთვის მისაღები. თუკი შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მიიღო, რა თქმა უნდა, იქ უნდა შეგეძლოს შენ შენი პოზიციების გაჟღერებაც და წვლილის შეტანა“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის მზად იყო ევროკავშირთან დიალოგისა და ჩართულობისთვის და ამ პოზიციას არც დღეს ცვლის. თუმცა, მისი თქმით, დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს პარტნიორობის პრინციპებს და არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციებისა და ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის ინსტრუმენტად.
„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა, როდესაც ეს მოსაწვევი თუ მოწვევა იქნება სწორედ განკუთვნილი იმ ფორმატისთვის, რა ფორმატშიც მოიწვევენ საქართველოს და არ იქნება ეს საკითხები გამოყენებული დამატებითი სპეკულაციებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი უმრავლესობის მხრიდან არსებობს საქართველოსთან დიალოგის გაგრძელების საჭიროების მკაფიო პოზიცია. მისი თქმით, საქართველოსთან რეგულარული კომუნიკაცია და სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში არსებული პოზიციები აჩვენებს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიის ქმედებები ყოველთვის არ ასახავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხედვასა და ინტერესებს.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, დიდი უმრავლესობის მხრიდან არის ცალსახა პოზიცია საქართველოსთან დიალოგის საჭიროების თაობაზე. ჩვენ ძალიან ხშირად ვხვდებით კოლეგებს, მინისტრებს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ვიცით, თუ რა პოზიციები არის ამა თუ იმ დედაქალაქში საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოსთან ჩართულობასთან დაკავშირებით, საქართველოს მნიშვნელობაზე და ზოგადად, დიალოგის საჭიროებაზე. როდესაც ვხედავთ, ბრიუსელის მხრიდან რამდენად სრულდება თუ არ სრულდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაკვეთა, ესეც ბევრზე მეტყველებს, თუ რამდენად მოქმედებს ხშირ შემთხვევაში ბრიუსელის ბიუროკრატია თავად ევროკავშირის ინტერესებში“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას დაკავშირებადობის კონტექსტში და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბრისას საქართველოს სათანადო დონეზე ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება დაკავშირებადობას, ქვეყანა, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამ ქვეყანასთან მსგავსი იაფფასიანი თამაშები ნამდვილად მიუღებელია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, ბრიუსელის მხრიდან დაკავშირებადობის საკითხებისადმი არსებული მიდგომა აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად სიღრმისეულად ხდება ამ მიმართულების განხილვა.
„საქართველოს აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში და იბადება კითხვა, რამდენად სერიოზულად განიხილავენ და რამდენად სერიოზულად უყურებენ სწორედ დაკავშირებადობის საკითხებს ბრიუსელში მაშინ, როდესაც სრულიად არასერიოზულად ხდება ამ საკითხების განხორციელება, შემდგომ უკვე პრაქტიკაში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ კონტექსტში, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ ფუნქციას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების განვითარებისა და შუა დერეფნის პოტენციალის რეალიზების მიმართულებით.
„ის კრიტიკული როლი, რაც საქართველოს აქვს, უკავშირდება ორივე მხარეს ურთიერთობების განვითარებას და ურთიერთობების შენებას, როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სწორედ ამ როლის განსამტკიცებლად, რომ საქართველომ შეასრულოს თუნდაც შუა დერეფნის განვითარების პროცესში და შუა დერეფნის განვითარებაში ის როლი, რა როლიც შეიძლება, რომ შეასრულოს“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.