მაკა ბოჭორიშვილი – ქართულ საზოგადოებას თუ მიჯნავ ქართული საზოგადოების მიერ არჩეული ხელისუფლებისგან, ეს პირდაპირ არის ქვეყნის სუვერენიტეტის არაღიარება
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით იანვარში დაგეგმილი განხილვის პერსპექტივებზე, ბრიუსელის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსა და საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ, რაც მუქარის ფორმას იღებს და პოზიტიური მოლოდინის საფუძველს არ ქმნის.
„ერთგვარი მუქარასავით გვესმის, რომ იანვარში რაღაც შეიძლება, იყოს საქართველოსთან მიმართებაში და ისევ მუქარები საქართველოსა და ქართული საზოგადოების მიმართ, რომ შეიძლება, მოხდეს სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, იანვარში საქართველოს საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანი იქნება, თუ რა პოზიციებით წარდგებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნები არ იზიარებენ ბრიუსელის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ და მხარს უჭერენ ქვეყანასთან დიალოგისა და ჩართულობის გაგრძელებას.
„ეს გაბუტვის პოლიტიკა არანაირად შედეგის მომტანი არ არის არავისთვის, ამას ბევრი აცნობიერებს, ვერ ვიტყვი რომ ყველა, თუმცა უმრავლესობა ამას აცნობიერებს და ემხრობიან საქართველოსთან დიალოგისა და ჩართულობის პოლიტიკას“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მუდმივი კრიტიკის პარალელურად, ქართველი ხალხის მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებები ვერ ფარავს იმ პოლიტიკის არსს, რომელიც, მისი შეფასებით, მიმართულია ქართული სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ.
„ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, პირდაპირ შეგვიძლია, დავარქვათ სახელი. არაფერი საერთო არ აქვს ამ განცხადებებს მეგობრობასთან, არაფერი საერთო არ აქვს ამ განცხადებებს ქართველი ხალხის სიყვარულთან და პატივისცემასთან“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები ვერ იქნება აღქმული მეგობრულ დამოკიდებულებად. მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე უარის თქმა და საზოგადოების ხელისუფლებისგან გამიჯვნის მცდელობა ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობას წარმოადგენს.
„თუკი შენ ერთ ჯგუფს ემეგობრები ქვეყანაში და მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ ელაპარაკები და მიჯნავ ქართულ საზოგადოებას ქართული საზოგადოების მიერ არჩეული ხელისუფლებისგან, ეს არის პირდაპირ ქვეყნის სუვერენიტეტის არაღიარება“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა დემოკრატიის სახელით განხორციელებულ ქმედებებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, თავად დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, საკანონმდებლო პროცესების ქუჩაში გადატანის მცდელობები, ასევე განცხადებები, რეზოლუციები და სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება, ხელს უწყობდა საქართველოში დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ პროცესებს.