მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო სთავაზობს ეუთო-ს თავმჯდომარეობას სწორედ ამ რთულ ვითარებაში, იმისთვის, რომ ჩვენი გამოცდილებით შევიტანოთ წვლილი ამ ორგანიზაციის მუშაობაში

02:17, 20.11.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეუთო-ს 2027 წლის თავმჯდომარეობის საკითხზე, საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებსა და ორგანიზაციის მომავალზე ისაუბრა.

„საინტერესოა, თვალყური ვადევნოთ, თუ როგორ ხდება ბრიუსელის პოლიტიკის გადმოტანა ეუთო-ს ფარგლებში, უსაფრთხოების ორგანიზაციაში, რომლის მთავარი მიზანი არის ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც ნამდვილად ვერ შეძლო ამ ორგანიზაციამ. თუმცა დღემდე რჩება ერთადერთ ორგანიზაციად, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური მისწრაფებების, აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგის ქვეყნები მაინც ერთ მაგიდასთან სხედან და საუბრის ფორმატი არსებობს, არსებობს გარკვეული სივრცე დიალოგისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ეუთო-ს თავმჯდომარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანას უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით აქვს.

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო სწორედ არის ის ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც შეექმნა უსაფრთხოების გამოწვევები სწორედ ამ კონტინენტზე და ამ ქვეყნის მიერ თავმჯდომარეობაზე განაცხადი სწორედ იბლოკება იმ პრეტექსტებით და იმ კონტექსტით, რაც ხშირად გვესმის ბრიუსელის მხრიდან, თუმცა ღიად და გაცხადებულად ეს არავის უთქვამს. არავის დაუსახელებია, თუ რა არის მიზეზი წინააღმდეგობისა, არც ევროკავშირის ერთიანი პოზიცია არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც, თუ არ ემხრობიან, ხელს არ უშლიან საქართველოს თავმჯდომარეობას ეუთო-ში და გამოჩნდა სულ ცოტა ხნის წინ იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც არიან რიგში, საქართველოს შეუშალონ ხელი, რომ გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით არსებულ პოზიციებზე.

„რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა, რატომ შეიძლება, ქვეყანა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობას, თუ არა ბრიუსელიდან მიღებული დირექტივა, რომ ეს კონკრეტული როლი შეასრულოს, ამ შემთხვევაში. თუმცა, ეს არის საინტერესო პროცესი, ჯერ პროცესი არ დასრულებულა, არ არსებობს გადაწყვეტილება 2027 წლის თავმჯდომარეობის შესახებ. ყველანაირი ვერსია არსებობს, თუ როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები. რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა იმისა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებთან და შევძლოთ კონსენსუსის მიღწევა. საინტერესოა ისიც, რომ ამ 14 ქვეყანას შორის არ არის არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც რუსეთი, ამ შემთხვევაში, არც უკრაინა, არც ჩვენი მეზობელი ქვეყნები, არც უფრო ფართო რეგიონის ქვეყნები. საინტერესო იქნება, თუ როგორ წარმართავს ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა ამ პროცესს, იმიტომ, რომ შვეიცარიას აქვს მნიშვნელოვანი როლი სწორედ ამ პროცესში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, რეალურია თუ არა, ეუთო თავმჯდომარის გარეშე დარჩეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი ვითარება იმ შემთხვევაში შეიძლება, შეიქმნას, თუ მინისტერიალზე მომავალი წლის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული.

„შეიძლება, ასეც მოხდეს, თუკი ვერ იქნა მინისტერიალზე გადაწყვეტილება მიღებული მომავალი წლის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. საქართველოსაც აქვს ისეთივე ხმის უფლება, როგორც სხვა ქვეყნებს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს უფლება, იყოს თავმჯდომარე ქვეყანა და ისეთივე მონაწილე იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესის, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესი არ არის ორგანიზაციის დაზიანება. პირიქით, საქართველო სთავაზობს ეუთო-ს თავმჯდომარეობას სწორედ ამ რთულ ვითარებაში, იმისთვის, რომ ჩვენი გამოცდილებით შევიტანოთ წვლილი ამ ორგანიზაციის მუშაობაში და ეს არის ჩვენი შეთავაზება. ჩვენი მოლოდინი არის, რომ პარტნიორი ქვეყნები, ყოველ შემთხვევაში, ის ქვეყნები, რომელთაც გაცხადებული აქვთ, რომ ევროპაში უსაფრთხოება არის მათი საზრუნავი, უფრო სერიოზულად მოეკიდებიან ამ კანდიდატურის განხილვის პროცესს“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი